ნეტგაზეთი | რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა – Netgazeti
RU | GE  

რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა რუსეთში გაემგზავრა. გამგზავრებამდე აეროპორტში სტურუა ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვში დასზე ადრე, სცენის სანახავად წავიდა.

რუსთაველის დასი ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში უნდა გაემგზავროს. სტურუას თქმით, მსახიობები რუსეთში 27 ივნისს ჩავლენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უქმნის თუ არა მოსკოვში გამგზავრება უხერხულობას, რუსთაველის თეატის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ უქმნის, რადგან მიიჩნევს, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები.

“[უხერხულობას] არ მიქმნის იმიტომ, რომ ვთვლი, ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. თუ თქვენ პარტიულ და კრეტინებზე ლაპარაკობთ, მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი ხალხი უზნეოა. ამიტომ პოლიტიკაზე ნუ მელაპარაკებით. მე მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა. რომ ჩვენ მაინც ვართ”, — განაცხადა სტურუამ.

ფესტივალის ვებსაიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, დასი სამი დღის განმავლობაში — 30 ივნისიდან 2 ივლისამდე — ითამაშებს სპექტაკლს “თამაშის დასასრული”, რომლის დამდგმელი რეჟისორიც რობერტ სტურუაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი