“ლეიბორისტული პარტია” “ქართული ოცნების” შეთავაზების საპასუხოდ აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მომზადებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. შესაბამისად, “ლეიბორისტები არც პარლამენტში შესვლას გეგმავენ არჩილ თალაკვაძის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული პირობით.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, მათი პარტიისთვის მიუღებელია თალაკვაძის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებზე მიბმის შესახებ და აცხადებს, რომ კრიზისს მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, რიგგარეშე არჩევნების თარიღის დანიშვნა განმუხტავს:
“გამორიცხულია ამ პირობებით ხელმოწერა. ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მხოლოდ ამ ფორმით არის შესაძლებელი არსებული უმძიმესი სიტუაციის განმუხტვა. თვითმმართველობაზე რაიმე ფორმით მიბმა რიგგარეშე არჩევნებისა აბსურდია, სხვა შინაარსის არჩევნებია. სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, არ შეწყდება წინაარმდეგობის მოძრაობა. ეგ საკენკი დაუყარონ თავისებს”, — ამბობს გიორგი გუგავა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, ის მზად არის, განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით.
დღეს თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ შეთანხმების პროექტს ცალმხრივად ხელს მოაწერს და თუ იგივე ნაბიჯს ოპოზიციაც გადადგამს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს შეასრულებს.