ახალი ამბები

უნდა შემოგივარდეთ შიგნით და გაგიმწაროთ ცხოვრება – ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე

28 იანვარი, 2022 • 1196
უნდა შემოგივარდეთ შიგნით და გაგიმწაროთ ცხოვრება – ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესასვლელად მზადაა.

მისი თქმით, ის აპირებს, „ქართულ ოცნებას“ ცხოვრება პარლამენტიდან „გაუმწაროს“.

„ბოიკოტი მქონდა გამოცხადებული, ვითხოვდი პარლამენტის დაშლას, ოპოზიციის არშესვლას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს და თქვენს [ქართული ოცნების] პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლას. რახან ეს არ გამოვიდა გარედან, ოპოზიცია მანდ შემოვიდა და ახალი არჩევნების საკითხი ფაქტობრივად მოიხსნა, ახლა უნდა შემოგივარდეთ შიგნით და გაგიმწაროთ ცხოვრება. ასეთი გადაწყვეტილება [პარლამენტში შესვლა] იქნება მიღებული და ვნახოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოკითხვა 10 იანვარს დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს დღეს, 28 იანვარს, პარტიაში განუცხადეს,  შალვა ნათელაშვილი გამოკითხვის შედეგებს ამ დრომდე ელოდება და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამასთან, ორშაბათს, 31 იანვარს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.


ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. შალვა ნათელაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. თავის დროზე ნათელაშვილს პარლამენტისთვის, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად, მიმართული ჰქონდა მანდატის შეწყვეტის განაცხადით, თუმცა მაშინ უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას ასევე არ მოუწერია ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომლის შედეგადაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.

ამასთან, 2021 წლის 22 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პარტია, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც არ გამოიყენებს, სახელწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი პარტიას კანონის ამოქმედებისას ეს მანდატი შეწყვეტილი ექნება, მაშინ მას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება. შესაბამისად, თუ უმრავლესობა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებს, პარტია მთლიანად დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას, ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მას დაფინანსება დროებით შეუჩერდება.

თავად შალვა ნათელაშვილი მიიჩენვს, რომ აღნიშნული კანონი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული.

თუ პარლამენტში შევალ, უპირველესი მოთხოვნა 40-წუთიანი სიტყვაა – ნათელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი