ნეტგაზეთი | მიწა, რომელზეც კარვები იყო გაშლილი, ჩვენი საკუთრებაა — “ენკა” მიწა, რომელზეც კარვები იყო გაშლილი, ჩვენი საკუთრებაა — “ენკა” – Netgazeti
RU | GE  

მიწა, რომელზეც კარვები იყო გაშლილი, ჩვენი საკუთრებაა — “ენკა”

კომპანია “ენკას” განცხადებით, მიწა, რომელზეც 11 აპრილის ჩათვლით ადგილობრივი აქტივისტების საპროტესტო კარვები იყო გაშლილი, “არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან”. “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში კომპანია “ცრუ ინფორმაციას” უწოდებს ცნობებს, რომელთა თანახმადაც, ნაკვეთი ადგილობრივ მკვიდრს, ლალი ეფრემიძეს ეკუთვნის.

“კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა.

მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა.

მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია”, — წერს “ენკა”.

ამავე განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ “2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია – კერძოდ, 70,171 ლარი”.

❗️❗️❗️ კომპანია ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის…

Posted by ნამახვანჰესი • Namakhvani HPP on ორშაბათი, 12 აპრილი, 2021

ნამოხვანში, ის ტერიტორია, სადაც ადგილობრივებს გუშინდელ დღემდე კარვები ჰქონდათ გაშლილი, მოხნულია. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ადგილობრივმა აქტივისტმა, ნუგზარ გოდოლაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ტერიტორია პოლიციამ მოხნა.

ვიდეოში გოდოლაძე დასძენს, რომ ტერიტორიაზე 11 აპრილს დაშლილი კარვებიდან დარჩენილი ნივთების წასაღებად მოვიდნენ. სწორედ ამ დროს ნახეს, რომ მიწა მოხნულია.

“ეს არის კარვების ადგილი და არის გადახნული მთლიანად, ისე, რომ ვერავინ დადგება, აქ რომ მოვიდეს. იმისათვის, რომ ხალხი ვერ ამოვიდეს და ვერ დადგეს, გადახნა მთლიანად ეს ადგილები”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ტრაქტორი მუშაობას კვლავ აგრძელებს და ადგილზე პოლიციის წარმომადგენლებიც არიან.

ვიდეოში ჩანს ადგილობრივი მცხოვრები და აქტივისტი ლალი ეფრემიძეც. ხსენებული მიწა მის საყანე ნაკვეთს წარმოადგენდა. ეფრემიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 50- წლიანი ხეები იყო, რომლებიც მოჭრილია.


უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში, კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში. ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო. დღეს, 12 აპრილს იგეგმება კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ხეობაში, თუმცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა თბილისშიც გადმოინაცვლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან