რეჟისორი დათა თავაძე ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და რუსთაველის თეატრს საპყრობილეს უწოდებს. სოლიდარობის გამომხატველი ფეისბუქ პოსტი თავაძემ გუშინ, 13 აპრილს გამოაქვეყნა.
“მთელი გულით ვამაყობ ნინუცას გამბედაობით. ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო. ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა!
ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში! დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა – აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს…
გაუგონარია, ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას ამგვარი რეპუტაცია ჰქონდეს, გაუგონარია, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ მოძალადეები..!”, – წერს თავაძე.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.
მაყაშვილს მანამდე საჯაროდ სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ.
ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.
წაიკითხეთ ვრცლად:
ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს