ახალი ამბები

ლუკა კურტანიძეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

5 დეკემბერი, 2025 •
ლუკა კურტანიძეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატსა და ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს, ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

კურტანიძეს ედავებოდნენ ოჯახში ძალადობასა (ყოფილ მეუღლეზე) და სხვისი საკუთრების მფლობელობის დარღვევას. დამნაშავედ ის მხოლოდ ოჯახში ძალადობის ნაწილში ცნეს.

უკვე 5 თვეა, რაც კურტანიძე პატიმრობაში იმყოფება, ამიტომ საპატიმროს დატოვება მას 2 თვეში მოუწევს.

„ეს არ იყო ძალადობა სტანდარტული ფორმით. დაზიანება იმდენად მსუბუქი იყო, სასწრაფოც არ ყოფილა ადგილზე გამოძახებული“, — ასეთია კურტანიძის ადვოკატის, ივანე მეფარიშვილის შეფასება. მისი თქმით, მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ 52 წლის კურტანიძეს მსგავსი სიტუაცია აქამდე არ ჰქონია.

კადრებში, რომლებიც კურტანიძის დაკავებამდე TV პირველმა გაავრცელა, ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. ამავე კადრებში ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. თუმცა აქვე ისმის ხათუნა მიქაცაძის, კურტანიძის ყოფილი მეუღლის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალადობის ამსახველი ვიდეო. ხათუნა მიქაცაძე TV პირველს მაშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ჩაერთო და მოუყვა, რომ პოლიციისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა მანამდე არ ჰქონიათ შესაბამისი რეაგირება. მისივე თქმით, კურტანიძეზე დამცავი ორდერი იყო გამოწერილი და ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მიქაცაძეს ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი სახეზე და მკლავებზე. მისივე თქმით, დაზიანებები ჰქონდა მუხლებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი