ახალი ამბები

გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ — მელია

13 აპრილი, 2021 •
გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისი დაკავება რომ არ სდომებოდა, პარლამენტში მასთან დაახლოებული დეპუტატები მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერდნენ. ამის შესახებ მელიამ დღეს, 13 აპრილს, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ. რასაც ჩასძახებს გახარია, იმას ამოსძახებს რამდენიმე ადამიანი”, — განაცხადა მელიამ.

გიორგი გახარიამ 18 თებერვალს გადადგმომის მიზედად მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გადადგომისას მან თქვა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნაგამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი