ახალი ამბები

ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას აჩქარებს – ბრიტანული კვლევა

13 აპრილი, 2021 •
ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას აჩქარებს – ბრიტანული კვლევა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ასთმის საწინააღდეგო მედიკამენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფზე დაყრდნობით იუწყება, რომ “ბუდესონიდის” დღეში ორჯერ მიღება 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, კორონავირუსის ადრეული სიმპტომების გამოვლენისას, შესაძლოა სასარგებლო იყოს. ასევე არსებობს ადრეული ნიშნები, რომ პრეპარატმა შესაძლოა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებები შეამციროს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ ამიერიდან თერაპევტებს, კონკრეტული შემთხვევების მიხედვით, პაციენტებისთვის აღნიშნული მედიკამენტის დანიშვნა შეუძლიათ.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული პრეპარატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ, დადებითად მოქმედებს ფილტვების მუშაობაზე და შესაძლოა იმ რისკჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესოს, ვინც მკურნალობის კურსს სახლში გადის. აღნიშნული პრეპარატი დადებითად მოქმედებს ფილტვებზე.

გამოცემის ინფორმაციით, პანდემიის საწყის ეტაპზე ასთმით დაავადებული პაციენტები ნაკლებად ხვდებოდნენ კორონავირუსის მქონე მძიმე პაციენტების რიცხვში და ამის მიზეზი სწორედ ის წამლები იყო, რომელსაც ისინი ასთმის მკურანლობისთვის იყენებდნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 1 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმების მაღალი რისკები ჰქონდათ. ყველა მათგანი 50 წელს იყო გადაცილებული.

სიმპტომების გამოვლენიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში 751 მათგანს დღეში ორჯერ გამოსაყენებლად ბუდესონიდის შემცველი ინჰალატორი გადაეცა. ეს ჯგუფი კორონავირუსისგან საშუალოდ 3 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ისინი, ვინც ჩვეულებრივი მკურნალობის მეთოდს მიჰყვებოდა, რაც პარაცეტამოლის მიღებასა და დასვენებას ითვალისწინებდა.

დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანებს, ვინც ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტს იყენებდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, თუმცა, მკვლევრების განმარტებით, იმისთვის, რომ გარდაცვალების რისკების შემცირებასა და აღნიშნულ პრეპარტას შორის კავშირი დადგინდეს, დამატებითი მონაცემებია საჭირო.

BBC-ის თანახმად, ეს არ არის კვლევის საბოლოო შედეგები და ის მარტის თვის პერიოდს მოიცავს, საბოლოო შედეგების გამოქვეყნება კი აპრილის ბოლოსთვის იგეგმება.

ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, “ბუდესონიდი” ვირუსის იმ ნაწილს ებრძვის, სადაც ანთების განვითარების ყველაზე მაღალი რისკებია. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით კი, პრეპარატი ვირუსის ფართო გავრცელებასაც უშლის ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი