ავტორი: ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მომავალი წლის გაზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკონსტიტუციო რეფორმის გატარებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს უმოკლეს ვადებში ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. რა მიზანი აქვს ბიბილოვს და იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოების პროტესტი ჩაცხრეს და ხელისუფლება ისევ შეინარჩუნოს?
საკუთარ ინიციატივას ბიბილოვი კონსტიტუციის მუხლებს შორის შეუსაბამობის აღმოფხვრის აუცილებლობით ასაბუთებს. ამავე დროს, ბიბილოვს, რომელიც თავად რეგულარულად არღვევს კანონებს, კონსტიტუციის სრულყოფა ყველაზე ნაკლებად აღელვებს. ტერმინ “რეფორმაში” კი, რეალურად, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკუთარი პოზიციების გამყარებას მოიაზრებს.
ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვს არ დაუზუსტებია კონკრეტული ვადები, თუ როდის დაიწყება საკონტიტიუციო ცვლილებებზე მუშაობა. მხოლოდ ის თქვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა “რაც შეიძლება სწრაფად” უნდა დაიწყოს.
“მჭიდროდ ვიმუშავებთ პარლამენტთან, უზენაეს სასამართლოსთან, იურისტებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან იმისთვის, რათა საკონსტიტუციო რეფორმა რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაოთ და დავნერგოთ.
ახალი კონსტიტუცია საყოველთაო კენჭისყრით იქნება მიღებული. თუ კონსტიტუციის სამზე მეტ მუხლში შევიტანთ ცვილებებს, აუცილებელი იქნება რეფერენდუმი”, – განაცხადა ბიბილოვმა.
ცვლილებების პირველი პროექტი უკვე გაუგზავნეს დეპუტატებს – ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კონსტიტუციურ კანონში- “პარლამენტის შესახებ” და “დეპუტატების სტატუსის შესახებ”.
შემოთავაზებული ცვლილებები ძველი კანონებისგან არსებითად მხოლოდ ერთი პუნქტით განსხვავდება.
ცვლილება შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და ასევე კომიტეტის თავმჯდომარეების დანიშვისა და დათხოვნის წესს. ახალი კანონპროექტი არ მოიაზრებს მათი ვადამდე ადრე დათხოვნის საფუძველს, გარდა პირადი განცხადების შემთხვევისა.
ამასთან, სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის 66-ე მუხლში ნათქვამია, რომ აღნიშნული თანამდებობის პირები შეიძლება ვადამდე გათავისუფლდნენ დეპუტატთა უმრავლესობის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში.
ოპოზიციური პარტია “ნიხასის” დეპუტატის, ზიტა ბესაევას აზრით, კანონპროექტის ავტორები ამგვარად ცდილობენ, პარლამენტში პრეზიდენტის პარტია “ ერთიანი ოსეთისა”და მათთან გადასული ოპოზიციური პარტია “ხალხის ერთობის” პოზიციები დაიცვან.
“პარლამენტში ამ ადამიანების ხელმძღვანელობით ბევრი კანონდარღვევა მოხდა. ბევრი დეპუტატი, განსაკუთრებით ოპოზიციური, ბუნებრივია, უნდობლობას უცხადებს მათ”,- ამბობს ბესაევა.
შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან საერთო არაფერი აქვს შემოთავაზებულ “რეფორმას”, კონსტიტუციაში კიდევ უფრო მეტი ქაოსის შექმნით ის მხოლოდ პრეზიდენტის პოზიციების გამყარებას ემსახურება.
ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლების პარტია, პარლამენტში უმცირესობას წარმოადგენს. დანარჩენი დეპუტატები, ე.წ. “ფლუგერები”, ზოგჯერ ოპოზიციას ემხრობიან, თუმცა ყოველ ჯერზე მათ უკან აბრუნებს პრეზიდენტის ფრაქცია. დეპუტატი “ფლუგერები” მუდმივად ორ ცეცხლს შუა არიან – ერთი მხრივ, სურვილს შორის, იყვნენ ხალხის ინტერესების დამცველები, მეორე მხრივ კი, პირადი ინტერესებს შორის, რომლის დაკმაყოფილებაც მხოლოდ პრეზიდენტს, მატერიალური კეთილდღეობის მთავარ დამნაწილებელს შეუძლია. შესაბამისად, ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების მორიგი თვითნებობის წინააღმდეგ გამოსვლები არათანმიმდევრულია.
შემოთავაზებული ცვლილებები კანონში “დეპუტატების შესახებ” აქტუალობას მაშინ შეიძენს, თუ ბიბილოვი არჩევნებს წააგებს და ე.წ. “ფლუგერები” ახალი პრეზიდენტის მხარეს გადავლენ. ამ შემთხვევაში, კანონში ცვლილებები ბიბილოვს შესაძლებლობას მისცემს, პარლამენტში კიდევ ორი წლით შეინარჩუნოს საკუთარი ხალხის პოზიციები. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ერთი პირობით, თუ ბიბილოვი შეძლებს ამ კანონების პარლამენტში გატანას.
შესაძლო დამარცხებისთვის კიდევ ერთ სამზადისად შეგვიძლია ჩავთვალოთ საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის ინიციატივა. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ 2001 წლის 17 სექტემბერს იყო მიღებული, თუმცა ამ დრომდე ეს სასამართლო არ ჩამოყალიბდა, რადგან აქამდე პრეზიდენტებს არ უნდოდათ, რადგანაც ეს ინსტანცია მათ მმართველობას შეზღუდავდა – საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე შესაძლებელია კანონების სურვილისამებრ ინტერპრეტირება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და არაკონსტიტუციური კანონების მიღება.
შედეგად, თითქმის არ დარჩენილა პროცედურა, მაგალითად, რომელიც ეხება არჩევნებს, სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნებს და ა.შ რომლის გარშემოც არ წარმოიქმნებოდა კანონების შეუსაბამობაზე დისკუსია.
“კანონების ომი” არ არის ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში არსებობს საკონსტიტუციო რეფორმებზე მოთხოვნა. ადამიანები დაიღალნენ ე.წ. “საპრეზიდენტო მონარქიისგან”. მათი სურვილია საპრეზიდენტო ხელისუფლების შეზღუდვა, მისი უფლებამოსილების ნაწილის გადაცემა პარლამენტისთვის. ხალხს სურს მოსამართლეებისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების პირდაპირი არჩევნები, რომელთაც ამჟამად პრეზიდენტი ნიშნავს. ადამიანები დაიღალნენ ავტორიტარიზმისგან. მათ სურთ ახალი ურთიერთობები, ახალი აზრები და თავისუფლებები.
ტერმინის “საკონსტიტუციო რეფორმა” გამოყენებით, ბიბილოვი სიმულირებს. ეს ამბავი ძალიან ჰგავს რუსეთში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როდესაც პოლიტიკური რეჟიმი საკუთარ ამოცანებს ახორციელებს.
საკონსტიტუციო სასამართლო შექმნა საზოგადოების მოთხოვნაცაა, თუმცა პრეზიდენტს ამაზე შემთხვევით არ უსაუბრია. მომავალ წელს არჩევნებია. სამხრეთ ოსეთის კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ათწლიანი ვადით ირჩევიან. სულ ხუთი მოსამართლე, რომელთა ასაკი 30-დან 70 წლამდე უნდა იყოს. ორ მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტი, ორს – პარლამენტი ურმავლესობით, ერთს კი, ისევ პრეზიდენტი, თუმცა, პარლამენტის თანხმობით.
პარლამენტში პრეზიდენტის პოზიციის გათვალისწინებით, ბიბილოვს აქვს შანსი ჩამოაყალიბოს მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც უმრავლესობა მისი გავლენის ქვეშ იქნება.
ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ოლესია კოჩიევა, რომელიც ბიბილოვისთვის იდეალური კანდიდატურაა – თანაპარტიელი, მისი გავლენის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. უზენაეს სასამრთლოში პირდაპირ პარლამენტიდან გადავიდა და დეპუტატის მანდატი მოსამართლის მანტიით ჩაანაცვლა.
არჩევნებში დამარცხების შემთხვევაშიც, კოჩიევასთან ერთად და საკუთარი ხალხით პარლამენტში, ბიბილოვი კიდევ დიდხანს შეძლებს სამხრეთ ოსეთში სიტუაციის კონტროლს.
ბიბილოვსა და მის თანამოაზრეებს საკმაოდ ბევრი ბოროტება მიუძღვის ხალხის წინაშე – გამოძალვა და შანტაჟი ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, დაპატიმრებები დანაშაულის დამტკიცების გარეშე, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ფალსიფიცირება, წამება, მკვლელობები, სიკვდილამდე მიყვანა. თითქმის არ არსებობს არცერთი წითელი ხაზი, რომელიც პრეზიდენტს არ გადაუკვეთავს. ამიტომაც მისთვის წაგება არ შეიძლება. წაგების შემთხვევაში, ბიბილოვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრების გაგრძელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ამიტომაც, ის დაბალ რეიტინგებს ყურადღებას არ აქცევს და სამომავლო გეგმებს აწყობს. მან ლავრენტი ბერიას აგარაკი ჯავაში საპრეზიდენტო რეზიდენციად გადააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ცოტა ხნის წინ გამოვიდა წინადადებით, საპრეზიდენტო ვადების [ახალი კონსტიტუციის მიღების შედეგად] განულების შემდეგ საპრეზიდენტო ვადა 7 წლამდე გაიზარდოს. ყველაფერი მიუთითითებს იმაზე, რომ ბიბილოვი კიდევ ორჯერ, 7-7 წლით თანამდებობაზე დარჩენას გეგმავს.
დღეს ბიბილოვს ემორჩილება ცესკო, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები. როგორ მუშაობს ეს მორჩილება, საპარლამენტო არჩევნების დროს ნათლად დავინახეთ. ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი არ არეგისტრირებდა რეალურ კონკურენტ კანდიდატებს, უზენაესი სასამართლო კი ავტომატურად ამტკიცებდა ამ გადაწყვეტილების კანონიერებას. არჩევნები იმდენად მრავალი დარღვევით ტარებოდა, რომ კანდიდატები ვერ იგებდნენ, რომელ ადგილზე გავიდნენ.
მართალია, 2008 წლამდე არჩევნები იმართებოდა ექსცესებით, დაპირისპირებებით, სკანდალით, მაგრამ ასახავდა ამომრჩევლის ნებას. სამართლიანი არჩევნები შეიარაღებულ კაცებს შორის გარკვეული კომპრომისი იყო.
ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, 2008 წლამდე ოსებს შორის დაპირისპირებების დროს მეტი დაიღუპა, ვიდრე მთლიანად ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს. საყოველთაოდ მიღებული და პრინციპული წესების დარღვევა მაშინ საშიში იყო. სიტუაცია 2008 წლის შემდეგ თანადათანობით შეიცვალა. რეგიონში შემოვიდა რუსეთი და ახლა იარაღის ტარებაც იკრძალება. ძველი წესრიგი ჩამოიშალა.
შეიარაღებული კაცებიც დაბერდნენ, ბევრი მათგანი უკვე გარდაიცვალა. ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი არიან, საზოგადოებაში პატივისცემას ისამხურებენ, მაგრამ წესრიგის დამცველთა გარანტი ვეღარ იქნებიან. გარკვეული პერიოდი ეს წესრიგი ინერციით იყო დაცული, სანამ ხელისუფლებაში არ მოვიდა ადამიანთა ჯგუფი ბიბილოვის ხელმძღვანელობით, რომელიც ცინიკურად არღვევს კანონებს და საზოგადოებრივ აზრს უგულებელყოფს.
შესაბამისად, ერთ წელში დანიშნული არჩევნები თავის მხრივ ტესტი იქნება სამხრეთ ოსეთის საზოგადოებისთვის. ეს ოპოზიციასაც ესმის და ტაქტიკას ცვლის. 14 ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლებიც თითქმის 5 თვის განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდა საპარლამენტო სესიებს [2020 წლის 7 სექტემბრიდან], სამუშაოს დაუბრუნდა. ამბოხებული დეპუტატების თქმით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აპირებენ საკუთარ მხარეს გადაიბირონ ე.წ. “ფლუგერები” და ბიბილოვის გეგმებს ხელი შეუშალონ.