ახალი ამბები

“უცნობი” ადასტურებს, რომ 2008 წელს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტაზე სააკაშვილს შეუთანხმდა

19 იანვარი, 2021 • 5347
“უცნობი” ადასტურებს, რომ 2008 წელს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტაზე სააკაშვილს შეუთანხმდა

გია გაჩეჩილაძე („უცნობი”) ადასტურებს, რომ 2008 წელს შავნაბადაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ ტელევიზიის სიხშირეს დაჰპირდა, თუმცა „გადააგდო”.

ამის შესახებ გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

„ვიდექით დილემის წინაშე, რა უნდა გვექნა — უნდა წავსულიყავით საშინელ სისხლისღვრაზე და დაპირისპირებაზე, თუ არ უნდა წავსულიყავით და გადაგვეყლაპა მოპარული არჩევნები. ინაუგურაცია 23 იანვარს იყო და ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე [ოპოზიციაში], რომელიც არ ვწყნარდებოდი. დანარჩენი ყველა ოპოზიციაში შეგუებული იყვნენ და საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. არ ვჩერდებოდი, არ ვჩერდებოდი და მომინახეს მეგობარი ჩემი, ვისაც დაარეკვინეს ჩემთან და ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან”, – იხსენებს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, სააკაშვილთან შესახვედრად ბიძინა გეგიძესთან ერთად მივიდა, იქ კი გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და სხვები დახვდნენ.

„მთხოვდა, რა ვქნა, რა გავაკეთოო, ოღონდ ახლა შენ გაჩერდიო და მეტს აღარ ვიზამო, ასეთი არ ვიქნებიო. ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო, რა უნდა მინდოდეს-მეთქი… არ გიჯერებ- მეთქი. მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი ბატონოო… მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო და კენია ხომ არა ვართ, სისხლისღვრა ავტეხოთო. ხომ იცი, რომ შეგვიძლიაო და არც არავინ გააშუქებს, ხვალ რა მოხდებაო. კარგი-მეთქი, მომეცი-მეთქი, სხვა რა გზა მქონდა?! — სისხლისღვრაზე მაინც გამორიცხული იყო, ის ხალხი წაგვეყვანა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„უცნობის” თქმით, სააკაშვილმა პირობა არ შეასრულა და სიხშირე არ მიუღია.

„გადამაგდო მეორე დღესვე. ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო. სიხშირის მომცემი იყო ის ჩემთვის? 20 მაისს სტადიონზე რომ შეიკრიბა ხალხი და პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომ მაინც ყველა ვარიანტში არჩევნებს დაველოდოთ, ეს სწორი განცხადება აღმოჩნდა, იმიტომ, რომ მაინც გამოჩნდა შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და სისხლის გარეშე მოხდა ყველაფრის შეცვლა. არ მინდოდა მე კიტოვანი-სიგუას სახელი დამრქმეოდა, არა ვარ რევოლუციონერი კაცი. ეს კაცი არ თმობდა ხელისუფლებას და ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რაც ბიძინა ივანიშვილს, რომ შეგვეცვალა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

2007 წლის შემოდგომაზე ოპოზიცია ანტისამთავრობო აქციებს მართავდა, რომელიც 7 ნოემბერს ძალის გამოყენებით დაშალეს. 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნა.

სააკაშვილი პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს, თუმცა ოპოზიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და საპროტესტო აქციებს აგრძელებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი