ახალი ამბები

ბერლინის კედლის ფრაგმენტის მოხატვისთვის “უცნობი” დაჯარიმდება — მერია

9 აპრილი, 2021 • 1862
ბერლინის კედლის ფრაგმენტის მოხატვისთვის “უცნობი” დაჯარიმდება — მერია

თბილისის მერიის ცნობით, ევროპის მოედანზე აღმართულ ბერლინის კედლის ფარგმენტზე “პულივიზატორით” წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა და ამის გამო გია გაჩეჩილაძეს დააჯარიმებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

მერიის ცნობით, ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივლენ, გამოწერენ ოქმს და, შესაბამისად, დაჯარიმდება კანონდამრღვევიც.

ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) პულივიზატორით დღეს გააკეთა წარწერა — “ღმერთი სიყვარულია” .

კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა. ამავე წლის ნოემბერში კი კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა.

ღონისძიებაზე იმდროინდელმა საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, რომ ბერლინის კედლის საქართველოსთვის გადმოცემა ქართულ-გერმანული ურთოერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით აქცია დღეს ევროპის მოედანზე დაიწყო. ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთების შემდეგ კი აქციის მონაწილეები მსვლელობით საპატრიარქოსკენ დაიძრნენ და ამ გზით პატრიარქისადმი პატივისცემა გამოხატეს. საბოლოოდ აქცია “დედაენის ბაღში” უნდა დასრუდლდეს.

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ დღეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის მარადისობის დღეს დააწესებენ. მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი და მედიასაშუალებების დღის წესრიგი ხალხის განწყობებს აცდენილია, საზოგადოება კი ფსევდოდაპირისპირებით დაიღალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი