საპატრიარქოს პრესცენტრის ფეისბუკის გვერდმა შეცვალა პოსტი გია გაჩეჩილაძის, „უცნობის“ ორგანიზებულ მსვლელობასთან დაკავშირებით; პარალელურად, პრესცენტრის ხელმძღვანელი კვლავ მადლობას იხდის.
„მადლობა“, – თავდაპირველად ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გია გაჩეჩილაძის, „უცნობის“ მსვლელობას.
თუმცა დაახლოებით ერთ საათში პოსტზე წარწერა შეიცვალა და ამჟამად წერია, რომ მადლობა მოქალაქეებმა გადაუხადეს ილია II-ს:
„საპატრიარქოსთან, მშვიდობიანი მსვლელობის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს“.
ამ ცვლილებამდე სამადლობელ პოსტზე განმარტება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და დაადასტურა: „მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით“.
დეკანოზმა ჯაღმაიძემ დაწერა:
„რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს“.
„მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, რომ მათ ესმით ჩვენი. უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ, ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
თბილისში, ევროპის მოედანზე, 9 აპრილს გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით აქცია გაიმართა, სადაც, ერთი მხრივ, პატრიარქს გამოუცხადეს მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკეს.
ნახეთ ასევე:
ბერლინის კედლის ფრაგმენტის მოხატვისთვის “უცნობი” დაჯარიმდება — მერია