ახალი ამბები

ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა საკმარისად ვერ დავაფასეთ – პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავს

9 აპრილი, 2021 • 669
ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა საკმარისად ვერ დავაფასეთ – პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად კომპრომისი ორივე მხრიდან აუცილებელია. მისივე თქმით, იმედი ჰქონდა, რომ 9 აპრილს ოპოზიციური პარტიებიც იქნებოდნენ პარლამენტში.

“ევროკავშირიდან მივიღეთ  ყველაზე დიდი მხარდაჭერა და, ვფიქრობ ,საკმარისად ვერ  გავიაზრეთ და ვერც დავაფასებთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, მოლაპარაკებებში ჩართულ არცერთ მხარეს კომპრომისისთვის გამბედაობა არ ეყო, არადა, შეთანხმების დოკუმენტი ორივე მხრიდან კომპრომისს იმსახურებდა.

“ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არცერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და,  ვიტყოდი, ვაჟკაცობა.

ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება.

ოპოზიციას კი – იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით.

ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან – იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები… თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. და დღეს, 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი