ახალი ამბები

გზავნილია, „ოცნებამ“ გაიტანოს ეს პოლიტიკური ნაგავი, თუ შეუძლია – უცნობი 9 აპრილის შეკრებაზე

8 აპრილი, 2021 • 2017
გზავნილია, „ოცნებამ“ გაიტანოს ეს პოლიტიკური ნაგავი, თუ შეუძლია – უცნობი 9 აპრილის შეკრებაზე

გია გაჩეჩილაძე (ძველი სასცენო სახელით „უცნობი“) აცხადებს, რომ 9 აპრილს მის მიერ დანიშნული შეკრების გზავნილია, „ქართულმა ოცნებამ“ „გაიტანოს პოლიტიკური ნაგავი“.

„გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი. „ქართულმა ოცნებამ“. რისთვისაც აირჩია ხალხმა, ის გააკეთონ“, – ასე უპასუხა გაჩეჩილაძემ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის, გურამ როგავას კითხვას შეკრების მიზანთან დაკავშირებით.

„8 წელიწადია, ამოვიდა ყელში მაგათი [„ქართული ოცნების“] ამბავიც. 5 კაცისთვის ვერ მიუხედავთ. გაიყინა ქვეყანა, აღარ ჩანს აღარაფერი, ხვალინდელი დღე არ ჩანს. დავიღალეთ“, – ამბობს გაჩეჩილაძე.

„გაიტანოს ნაგავი, თუ შეუძლია, მაგრამ როგორც ჩანს, არ შეუძლია, არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა აქციაზე „ქართული ოცნების“ მომხრეებს, უპასუხა: „აქციას ნუ ეძახით, ძალიან გთხოვთ. ეს არის შეკრება. აქცია პოლიტიკურია და შეკრება არ არის პოლიტიკური“.

გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა 9 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე, „ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაფუძნება“.

მისი თქმით, ტრადიციად უნდა იქცეს ქართველი ხალხის მარადისობის დღეს შეკრება, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

მისივე თქმით, ხალხს “ყელში ამოუვიდა” ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ხვალინდელ დღეს ვეღარ ხედავს. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებასა და “ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების” განმუხტვას.

„საჯარო სივრცე გაჯერებულია დესტრუქციული პარტიებით და მათივე დესტრუქციული მედიასაშუალებებით, რომლებიც ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ისტერიას ეწეევიან“, – განაცხადა მან.

“უცნობი” ადასტურებს, რომ 2008 წელს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტაზე სააკაშვილს შეუთანხმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი