ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე 9 აპრილს ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს

23 მარტი, 2021 • 1562
გია გაჩეჩილაძე 9 აპრილს ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 9 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე, ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს. ამის შესახებ მან დღეს, 23 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის მარადისობის დღეს შეკრება ტრადიციად უნდა იქცეს, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

მისივე თქმით, ხალხს “ყელში ამოუვიდა” ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ხვალინდელ დღეს ვეღარ ხედავს. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებასა და “ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების” განმუხტვას.

“საჯარო სივრცე გაჯერებულია დესტრუქციული პარტიებით და მათივე დესტრუქციული მედიასაშუალებებით, რომლებიც ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ისტერიას ეწეევიან. სხვადასხვა პროპაგანდისტული ხრიკებით ქმნიან ხელოვნურ თუ პოლიტიკურ კრიზისებს. ხალხს თავს ახვევენ საკუთარ დღის წესრიგს და გვაიძულებენ ვიცხოვროთ მათ მიერ შექმნილ მოდელირებულ რეალობაში. ისინი მზად არიან გამოიყენონ ყველანაირი მეთოდი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუნდაც ეს საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას. ვაიპოლიტიკოსები, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ დასავლურ ღირებულებებთან, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ამოფარებულები ცდილობენ ნეგატიურ ზემოქმედებას ხელისუფლებაზე”, — განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აღნიშნულს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს და “სუფთად სახალხო მოძრაობაა”.

“ძალიან  ბევრ ადამიანს თავად გაუჩნდა სურვილი, რომ ამას შემოუერთდეს და ნახავთ, რამდენი ადამიანი შემოუერთდება. ჩვენი მოძრაობა და ჩვენი ეს შეკრება არანაირ შემთხვევაში არ იქნება დესტრუქციული, არანაირ შემთხვევაში არ იქნება ისეთი, რომ თუნდაც მტრების და რუსეთის წისქვილზე და საქართველოს შიდა მტრების წისქვილზე დაასხას წყალი, ვისაც დესტრუქცია სურს.

ხელისუფლებას აქამდე რომ დაეჯერებინა ჩემთვის, აქამდე არ მივიდოდა. ეს ჩემი განცხადება ეხება ორივეს. ეს ორივე ძალა ქმნის დესტრუქციას. იმას [ხელისუფლებას] არ შეუძლია, უსუსურია, რომ ამათი [ოპოზიციის] დესტრუქცია აღკვეთოს. ორივეს წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა იქნება ეს. იმიტომ, რომ ხვალინდელი დღის პასუხისმგებელი ორივე ძალაა და არამხოლოდ ერთი”, — განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, რა იქნება მათი დაფინანსების წყარო, გაჩეჩილაძე გვპასუხობს, რომ “ვისაც რითი შეეძლება, იმით დაეხმარება”.

“მე არაერთხელ მითქვია, ეს ჩვენი მოძრაობა არ არის, ეს არის ყველას მოძრაობა, ვინც ცნობს ამ დღეს და ამ დღის მნიშვნელობას. ანუ, ვისაც რითი შეეძლება, ისე დაეხმარება ამ დღეს და ამ მოძრაობას. ეს იქნება დაფინანსებაც და ყველაფერი”, — განაცხადა გაჩეჩილაძემ.


“უცნობი” ადასტურებს, რომ 2008 წელს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტაზე სააკაშვილს შეუთანხმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი