ახალი ამბები

ადრენალინის დროულად გაკეთების გარდა, კლინიკაში იტყუებიან სხვა ფაქტებზეც — ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

8 აპრილი, 2021 •
ადრენალინის დროულად გაკეთების გარდა, კლინიკაში იტყუებიან სხვა ფაქტებზეც — ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ ახალციხის კლინიკა “იმედში”, სადაც ქალს ვაქცინა ჩაუტარდა, იტყუებიან არა მხოლოდ ადრენალინის გაკეთების დროზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან გარემოებებზეც.

გუშინ, 7 აპრილს, პროკურატურამ განცხადებაში თქვა, რომ ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სამ მედიკოსს ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტზე. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ოჯახის ადვოკატმა ნეტგაზეთთან.

„ეს განცხადება ცალსახად წინ გადადმული ნაბიჯია, ნამდვილად ფიქსირდება ჩვენებებში მოწმეთა შორის უზუსტობა — მოწმეები ცვლიან საკუთარ ჩვენებას. შესაბამისად, პირველი ჩვენება ნამდვილად არის ცრუ ჩვენება და ამაზე ბრალის წარდგენა წინ გადადგმული ნაბიჯია.

ეს მომწეები იდენტიფიცირდებიან როგორც ცრუ მოწმეები. შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ამ მომწეების მიერ არის მოწოდებული, დგას კითხვის ქვეშ“, — განმარტავს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

როგორც ბარამაშვილი ამბობს, 18 მარტის მოვლენები, რა დროსაც მეგი ბაქრაძეს აცრა გაუკეთეს, მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ეს „განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელიც ოჯახს ხელთ აქვს.

„მაგალითად, ვიდეოჩანაწერი. ამ ჩანაწერებით ფიქსირდება, რომ 11:40 წუთზე მოხდა ფლაკონის [ვაქცინის] გახსნა და 10 მოწმე, რომელიც იმუნიზირებული იქნა 18 მარტს — ეს ათი მოწმე აცხადებს, რომ 10:00 საათიდან დაიწყო იმუნიზაციის პროცესი. შესაბამისად, გამოდის, რომ საავადმყოფოს თანამშრომლები იტყუებიან არა მარტო იქ ყოფნის ფაქტზე და ადრენალინის დროულ გაკეთების შესახებ, არამედ სხვა ფაქტებთან დაკავშირებითაც. აუცილებელია, რომ 18 რიცხვის მოვლენები მთლიანად აღდგეს და ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელის ფარგლებშიც ყველა დაკავშირებული პირი მიიღებს მონაწილეობას და მოხდება 18 რიცხვის მოვლენების სრულად აღდგენა“, — ამბობს ადვოკატი.

მთავარ ცვლილებას, რომელზეც ადვოკატი მიუთითებს, ექთნების მხრიდან ადრენალინის გაკეთების დროს უკავშირდება. ბარამაშვილი თქმით, თავდაპირველ ჩვენებებში ისინი აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი მომენტალურად გაუკეთეს.

შემდეგ კი მედიკოსები, მათ შორის, თავად ვიოლეტა ინასარიძე, რომელმაც ადრენალინის დროულ გაკეთებაზე ინტერვიუებშიც კი ისაუბრა, ამ გარემოებებს ცვლის — „ამბობენ, რომ ქალბატონი ვიოლეტა საერთოდ არ იმყოფებოდა ადგილზე,“.

 

„ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ დადგინდეს სიმართლე. ვიდრე სრულ სიმართლეს არ გავიგებთ, ოჯახის ინტერესი დაკმაყოფილებული არ იქნება“, – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი.

გარეკანი ფოტო: „მეცხრე არხი ახალციხე“


მეგი ბაქრაძეს 18 მარტს ახალციხეში, „ახალციხის კლინიკა იმედში“ ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თავდაპირველად მ.ბ-ს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი