ახალი ამბები

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

29 დეკემბერი, 2022 • 925
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს, 29 დეკემბერს, გამართულ პროცესზე მიიღო.

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის გარდაცვალების საქმეზე ბრალი ამავე კლინიკის ექიმს აქვს წარდგენილი.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მეგი ბაქრაძეს, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აცრის შემდეგ ანაფილაქსია განუვითარდა, ბრალდებულმა ექიმმა არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად კი, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

„ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო, შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ვინაიდან მეგი ბაქრაძეს ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში მდებარე „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა“, – აცხადებს პროკურატურა.

ექიმს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურის განცხადებით, უწყება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავსკანონით დადგენილ ვადაში.

ამავე საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, ბრალდება აქვს წარდგენილი სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს,  და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.


2021 წლის 18 მარტს ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს  ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი