ახალი ამბები

რატომ გაათავისუფლეს ექიმები კლინიკიდან, სადაც მეგი ბაქრაძე აცრეს

8 ივლისი, 2021 • 1301
რატომ გაათავისუფლეს ექიმები კლინიკიდან, სადაც მეგი ბაქრაძე აცრეს

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ახალციხის კლინიკა “იმედმა”  მინიმუმ ორი ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლა. სწორედ ამ კლინიკაში აიცრა ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელიც მდგომარეობის გართულების შემდეგ, 19 მარტს გარდაიცვალა. “იმედში” არ ადასტურებენ, რომ მედიკოსებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა პირდაპირ კავშირშია ბაქრაძის საქმესთან, ჯანდაცვის სამინისტრო კი კლინიკის მიმართ მანამდე გაცემულ რეკომენდაციაზე საუბრობს.

ინფორმაცია კლინიკა “იმედიდან” 2 ექიმის გათავისუფლების შესახებ ადგილობრივმა გამოცემამ, “სამხრეთის კარიბჭემ”, 6 ივლისს გაავრცელა. გამოცემა იუწყებოდა, რომ მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ივნისის ბოლოს კლინიკიდან გაუშვეს 2 ექიმი — გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე.

ჟურნალისტებმა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ჰკითხეს, მართლაც უკავშირდება თუ არა კლინიკის ეს გადაწყვეტილება გარდაცვლილი ექთნის საქმეს. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიულმა საბჭომ კლინიკის მიმართ გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია, რეაგირება მოეხდინა იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომელთა მხრიდანაც ვლინდება ეთიკური და პროცედურული დარღვევები მეგი ბაქრაძის საქმეში.

“პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია ახალციხის კლინიკის მიმართ იყო იმგვარი, რომ დაირღვა ეთიკური მხარე, ასევე, პროცედურული და საქმის წარმოების მხარე, რაც მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ.

როგორც ჩანს, ეს იყო რეაგირება, განხორციელებული ახალციხის კლინიკის [მხრიდან] დროებით, ვიდრე არ დადგინდება საბოლოო მიზეზები. საბოლოო მიზეზების დადგენის შემდეგ საბჭო კიდევ იმსჯელებს პროფესიული პასუხისმგებლობის დადგომის საკითხზე”, — აღნიშნა გაბუნიამ.

იყო თუ არა ექიმების გათავისუფლება ხსენებული რეკომენდაციების გამოძახილი? “ნეტგაზეთის” ამ კითხვის საპასუხოდ ახალციხის კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე დასძენს, რომ მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ორ ექიმს დისციპლინური სასჯელი წარსულში უკვე დაეკისრა, თუმცა არ ადასტურებს, რომ უშუალოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექთნის საქმესთან არის კავშირში.

“მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა კლინიკის შინაგანაწესის დარღვევის გამო. ამის შესახებ მათთვისაც ცნობილია.

[პროფესიული საბჭოს] ეს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ რეკომენდაცია ვალდებულება არ არის. აღნიშნულმა ექიმებმა დაარღვიეს კლინიკის შინაგანაწესი და ამის გამო გათავისუფლდნენ”, — დასძინა მან.

ბარძიმაძესთან საუბრისას რამდენჯერმე დავაზუსტეთ, მოიაზრება თუ არა “შინაგანაწესის დარღვევებში” მეგი ბაქრაძის საქმეში გამოვლენილი გარემოებებიც. მან ასე გვიპასუხა:

“შინაგანაწესის ეს დარღვევები ითვალისწინებს რამდენიმე პუნქტს. ადრე მომხდარ [შემთხვევებს] და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… ვიღაცას შეუძლია, დაუკავშიროს [მეგი ბაქრაძის] საქმეს, ვიღაცას — არა.

როცა იმსჯელა კლინიკამ [მეგი ბაქრაძის საქმეზე], მაშინ სხვა სასჯელები იყო გამოყენებული… დისციპლინარული სასჯელები გამოიყენა. დღეს ისინი გათავისუფლდნენ შინაგანაწესის კიდევ სხვა მუხლების დარღვევების გამო”.

მანვე დაამატა, რომ წარსულში ხსენებულმა ექიმებმა “სასტიკი საყვედურები მიიღეს” ბაქრაძის საქმის გამო.

“მაგრამ ახლა, დღეს, ისინი გათავისუფლდნენ შინაგანაწესის სხვა [მუხლების] დარღვევის გამო”, — გაიმეორა კლინიკის დირექტორმა.

ხსენებულ ექიმთაგან ერთ-ერთი, ვიოლეტა ინასარიძე, იმ 3 მედიკოსს შორისაა, რომელთაც პროკურატურამ, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის. ინასარიძე ამბობდა, რომ ბაქრაძეს დროულად აღმოუჩინეს ყველანაირი დახმარება და ადრენალინი თავად გაუკეთა. სამივე მათგანმა ბრალი აღიარა. მოგვიანებით, სამედიცინო მუშაკები 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გიორგი ბარძიმაძეს ვკითხეთ, რამდენად ეთიკურია ფაქტი, რომ ინასარიძე ზემოაღნიშნული ბრალის წარდგენიდან რამდენიმე თვის მანძილზე ისევ კლინიკაში მუშაობდა. კლინიკის დირექტორის თქმით, “ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება”.


მეგი ბაქრაძეს 18 მარტს ახალციხეში, „ახალციხის კლინიკა იმედში“ ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თავდაპირველად მას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი