ახალი ამბები

მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 3 მედიკოსს ბრალი წაუყენეს

7 აპრილი, 2021 •
მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 3 მედიკოსს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს — ბ.ლ-ს, ვ.ი-ს და ექთან თ.გ-ს ბრალი წარუდგინა.

შსს-მ მეგი ბაქრაძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

“მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფ მ.ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ,  გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საუბარია ვიოლეტა ინასარიძეზე, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს დროულად აღმოუჩინეს ყველანაირი დახმარება და ადრენალინი თავად გაუკეთა.

პროკურატურის ცნობით, ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის  ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ და ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ,სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

მეგი ბაქრაძეს 18 მარტს ახალციხეში, „ახალციხის კლინიკა იმედში“ ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თავდაპირველად მ.ბ-ს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი