თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგი ბაქარაძის საქმეზე დაკავებულ სამ სამედიცინო პერსონალს 3-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასლარიან გირაოს ითხოვდა.
ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის საქმეზე გუშინ, 7 აპრილს, პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს — ბ.ლ-ს, ვ.ი-ს და ექთან თ.გ-ს ბრალი წარუდგინა.
“მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფ მ.ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მეგი ბაქრაძეს 18 მარტს ახალციხეში, „ახალციხის კლინიკა იმედში“ ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თავდაპირველად მ.ბ-ს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 3 მედიკოსს ბრალი წაუყენეს