ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ დაფიქსირდა 2020-ში შრომისას დაშავების მაქსიმალური რიცხვი

8 აპრილი, 2021 •
რატომ დაფიქსირდა 2020-ში შრომისას დაშავების მაქსიმალური რიცხვი

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს სამუშაო ადგილზე დაშავებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 249-ს მიაღწია.

თუმცა ამ რიცხვის ზრდა, სპეციალისტების თანახმად, სავარაუდოდ, არა უშუალოდ გაზრდილმა შემთხვევებმა, არამედ საწარმოო შემთხვევების აღრიცხვის წესის ცვლილებამ გამოიწვია.

თავის მხრივ, ეს გარემოება, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ წინა წლების სტატისტიკა უფრო მძიმე იყო, ვიდრე ეს რიცხვებში იყო გამოხატული.

რას ამბობს სტატისტიკა

2021 წლის მარტში პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვისა და შრომის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ოფიციალური წერილით სთხოვა, მიეწოდებინა „სტატისტიკური ინფორმაცია 2010-2020 წლებში სამუშაო ადგილზე დაშავებულ და დაღუპულ პირთა რაოდენობის შესახებ“.

მინისტრის 19 მარტით დათარიღებული პასუხიდან ვიგებთ, რომ სამინისტროში არსებული სტატისტიკის თანახმად, 2010-2020 წლებში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 484 და დაშავდა 1287 ადამიანი.

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

ყოველწლიურად ეს მონაცემები ასე გამოიყურებოდა:

Untitled infographic
Infogram

ამ მონაცემებიდან იკვეთება სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რაოდენობის კლება ბოლო 3 წლის განმავლობაში: 2018 წელს 59-დან ჯერ 2019 წელს, 45-მდე, შემდეგ კი, 2020 წელს 39-მდე.

განსხვავებულია სამუშაო ადგილას დაშავების დინამიკა: 2017 წელს დაშავების მხოლოდ 55 შემთხვევაა სტატისტიკაში დაფიქსირებული, რაც თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი 2018 წელს — 199-დე;.

ამის შემდეგ, 2019 წელს, დაშავებულთა რაოდენობა 168-ს შეადგენს, 2020 წელს კი სამუშაო ადგილას დაშავებულთა რიცხვი 249-ს აღწევს — რაც სტატისტიკის წარმოების პერიოდში მაქსიმალური რიცხვია.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი რიცხვი არ დაფიქსირებულა მაშინაც კი, როდესაც შრომის კანონმდებლობა და ინსპექია არ არსებობდა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შრომის ინსპექციის სამსახურს კითხვით, რით არის სტატისტიკაში ასეთი მკვეთრი მატება გამოწვეული, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. მასალა უწყების პასუხის მიღების შემხვევაში განახლდება.

სანამ ამ კითხვას უწყებიდან მიღებული ინფორმაციის გარეშე ვუპასუხებთ, საინტერესოა, თუ რას ეფუძნებ(ოდ)ა სახელმწიფოს სტატისტიკა საწარმოო შემთხვევების აღრიცხვის პროცესში.

რას ეფუძნებ(ოდ)ა სტატისტიკა

ის მონაცემები, რასაც „ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში ეყრდნობა, ჯანდაცვისა და შრომის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა პარლამენტის წევრ მიხეილ სარჯველიძეს. შესაბამისად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო ამ რიცხვებით ხელმძღვანელობს.

სტატისტიკის მიწოდებასთან ერთად, მინისტრი ტიკარაძე წერილში განმარტავს, რომ ამ მონაცემების წყარო გაერთიანებული პროფკავშირი, შსს და შრომის ინსპექციაა. კერძოდ:

  • 2010-2017 წლების სტატისტიკური მონაცემების უშუალო წყაროს წარმოადგენს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
    • როგორც „ნეტგაზეთს“ განუმარტავს პროფკავშირების გაერთიანების (GTUC–is) თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი, პროფკავშირი, თავის მხრივ, ორ წყაროს ეყრდნობოდა:
      • წევრი ორგანიზაციების მიწოდებულ ინფორმაციას (ასეთი 21 ორგანიზაციაა სხვადასხვა დარგში, მათ შორის მსხვილი გაერთიანებები);
      • მედიიდან გაგებულ ინფორმაციას;
  • 2018 წლის მონაცემების წყაროს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
    • სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად ახორციელებს ყველა სისხლისსამართლებრივი შემთხვევის აღრიცხვას „კანონის მიზნებიდან გამომდინარე“;
      • 240-ე მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას;
      • 170-ე მუხლი კი გულისხმობს უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ;
  • 2019-2020 წლების მონაცემები კი წარმოადგენს უკვე უშუალოდ შრომის ინსპექციის მიერ აღრიცხულ ინფორმაციას.

რას უჩვენებს შსს-ს სტატისტიკა?

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მცირედით აცდენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებისაგან. კერძოდ, შსს-ს მონაცემებით, 2011-18 წლებში ასეთი ვითარება იყო:

წყარო: EMC-ის ინფოგრაფიკა შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით

„2019-20 წლებში აღრიცხვიანობა მოწესრიგდა“

პროფკავშირების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის თანახმად, სავარაუდოდ, 2020 წელს დაშავებულთა სტატისტიკის ზრდის მიზეზი სწორედ ის არის, რომ შრომის ინსპექციამ მსგავსი შემთხვევების აღრიცხვა თავად დაიწყო:

„სტატისიტკის მატება ამ კუთხით, დაშავების ნაწილში, იმან განაპირობა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონში უკვე 2019 წლიდან გაჩნდა ვლდებულება, რომლის თანახმადაც დამსაქმებელი ვალდებულია, შრომის ინსპექციას აცნობოს დასაქმებულის დაზიანების შესახებ (თუ ეს არ არის მსუბუქი დაზიანება)“, – განმარტავს ის.

შესაბამისად, ლიპარტელიანის თანახმად, არაზუსტი იქნება იმის თქმა, რომ „დაშავების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ან მაინცდამაინც გაიზარდა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ეკონომიკის არაერთი სექტორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ყველაზე ნაკლებად შეეხო იმ სექტორებს, სადაც 2019 წელს საწარმოო პროცესში გარდაცვალება და დაშავება ყველაზე ხშირად დაფიქსირდა: მშენებლობებსა და დამამუშავებელ და სამთომოპოვებითი მრეწველობაში.

შრომა
Infogram

„სავარაუდოდ, იმიტომ მოიყარა ამ ინფორმაციამ ამ რაოდენობით თავი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ინსპექციას შემთხვევების შესახებ არ აცნობებენ, ჯარიმებია დაწესებული და, როგორც ჩანს, გააქტიურდნენ კომპანიები ამ თვალსაზრისით“, – ამბობს პროფკავშირების გაერთანების თავმჯდომარის მოადგილე.

„წინა, საგანგაშო, სტატისტიკა უფრო საგანგაშო იყო“

ეს გარემოება, სავარაუდოდ, ნიშნავს იმასაც, რომ წინა წლების სტატისტიკა, გაცილებით დიდი იყო, ვიდრე რიცხვებში გამოიხატებოდა.

თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს სამუშაო ადგილას გარდაცვალებისა და დაშავების ფაქტები. როგორც ლიპარტელიანიც განმარტავს:

„გარდაცვალებები რთულია, დამალო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, რომ დამსაქმებლებმა სხვადასხვა დაავადებას დააბრალეს, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილას მოხდა გარდაცვალება, მსგავსი ფაქტები მაინც რთული დასამალია. ხმაურდება, ადგილზე პატრული მიდის და ა.შ“..

დასაქმებულთა დაშავება კი, მისი თქმით, უფრო მარტივია დასამალად და აღრიცხვიანობის გზის ცვლილება სწორედ ამ ნაწილზე აისახება: „არც ევალებოდათ დამსაქმებლებს, მსგავსი შემთხვევები ვინმესთვის ეცნობებიდათ. აღრიცხვა, ფაქტობრივად, არ ხდებოდა“.

მისი განმარტებით, „შსს-ს ფუნქცია არასდროს ყოფილი კონკრეტულად სამუშაო ადგილას დაშავებულთა ან დაღუპულთა სტატისტიკის წარმოება“ და უწყებაში „მისი უფლებამოსილების ფარგლებში იყრიდა 240-ე და 170-ე მუხლებით დაწყებულ გამოძიებაზე ინფორმაცია“.

ყოველთვის ვამბობდით, რომ სტატისტიკის წარმოება ამ ქვეყანაში ყველა მიმართულებით ხდება კატასტროფულად, მათ შორის სამუშაო ადგილებზე დაშავების. ისედაც არავის არ ევალებოდა ამის კეთება და არც არავინ აკეთებდა. შესაბამისად, ეს სტატისტიკა, საგანგაშოს რომ ვუწოდებთ, — რაც იმ წლებში გვქონდა, როდესაც ინსპექცია არ იყო, — ბევრად საგანგაშო იქნებოდა“, – განმარტავს რაისა ლიპარტელიანი.

შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა — რა შეიცვლება დასაქმებულებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი