ახალი ამბები

შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა — რა შეიცვლება დასაქმებულებისთვის

21 იანვარი, 2021 •
შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა — რა შეიცვლება დასაქმებულებისთვის

შრომის რეფორმის კვალდაკვალ, შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა —ახლა  ინსპექციას შეუძლია შრომის უფლებების მდგომარეობის შემოწმებაც. „ნეტგაზეთის“ ამ სტატიიდან გაიგებთ, როგორ შეიძლება დასაქმებულმა ეს გაფართოებული მანდატი გამოიყენოს.

ამასთან, მანდატის გაზრდას რეფორმირებული შრომის ინსპექცია გამოწვევებით ხვდება: ერთი მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლები კორუფციის შესაძლო რისკზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, ჩნდება კითხვა — კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის პარალელურად, რამდენად მოახერხებს უწყება შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების საკითხების ჯეროვან ზედამხედველობას არსებული ადამიანური რესურსით?

რა შეიცვალა?

2020 წელს პარლამენტმა რამდენიმეთვიანი, მწვავე განხილვების შემდეგ მიიღო შრომის რეფორმა და არაერთი კანონი შეცვალა. ცვლილება შეეხო შრომის ინსპექციასაც:

ცალკე შეიქმნა შრომის ინსპექციის კანონი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არსებული დეპარტამენტი ცალკე სსიპ-ად გადააკეთა და მეტი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მიანიჭა, 2021 წლის პირველი იანვრიდან ინსპექციას მანდატიც გაუზარდა:

თუკი აქამდე ინსპექციას შეეძლო, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების (სამუშაო ადგილის დაცულობა, სიცოცხლისთვის საშიში გარემო) საკითხების შემოწმება, ახლა მისმა მანდატმა შრომის უფლებების (სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, დეკრეტული შვებულება) მონიტორინგიც მოიცვა.

ამ ძირითადი ცვლილებით ინსპექციას მიეცა შესაძლებლობა, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააკონტროლოს, რამდენად იცავს დამსაქმებელი დასაქმებულთ შრომით უფლებებს.

მაგალითად, ეძლევა თუ არა დასაქმებულს კუთვნილი სრულფასოვანი შვებულება შესაბამისი ანაზღაურებით, უნაზღაურდება თუ არა ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ.

შრომის ინსპექციას დამსაქმებლის შემოწმება შეუძლია თავისი ინიციატივითაც. ინსპექციისთვის მიმართვა შეუძლია დასაქმებულს. ამასთან, თუკი დასაქმებულს არ შეუძლია საკუთარი უფლებების დარღვევაზე ხმამაღლა საუბარი და უწყებისთვის თავისი სახელით მიმართვა, რადგან სამუშაოს დაკარგვის ეშინია, შესაძლებელია, მის გარდა, ინსპექციას სახალხო დამცველის აპარატმა ან პროფკავშირმა მიმართოს.

როგორ იმუშავებს პრაქტიკაში?

შრომის უსაფრთხოების/უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, EMC-ის იურისტი გიორგი ლანჩავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ჩამოთვლის ისეთ გარემოებებს, რაც მანდატის გაფართოებით დასაქმებულს აყენებს უკეთეს ვითარებაში და როგორ შეეძლებათ ამ მანდატის გამოყენება:

„დასაქმებულს ახლა შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას არა მხოლოდ შრომის უსაფრთოხების ნორმების, არამედ შრომის უფლებების დარღვევის ფაქტებზე:

  • მაგალითად, ინსპექცია შეამოწმებს, რამდენად დაცულია ყოველდღიური სამუშაო დრო, — რამდენად კარგად იცავს ამას დამსაქმებელი და რამდენად ხდება ამ დროის გადაჭარბება. თუკი ხდება ამ დროის გადაჭარბება, ხდება თუ არა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება;
  • დასვენების დღეები რამდენად მიეცემა დასაქმებულს;
  • მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს რამდენად მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება – 24-ს დამატებული 10 დღე;
  • რამდენად დროულად ირიცხება ხელფასი;
  • აუნაზღაურდება თუ არა შვებულება;
  • იღებს თუ არა დასაქმებული დეკრეტულ შვებულებას და შესაბამის ანაზღაურებას“.

„ერთი სიტყვით, ნებისმიერი უფლება, რაც კი დადგენილია შრომის კოდექსში, ყველაფერი შეიძლება იქნას შემოწმებული ინსპექციის მიერ“, – ამბობს იგი.

„კორუფციის რისკი“

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგი ეკონომიკური რეფორმებისა და დერეგულების ტალღაში შრომის ინსპექციაც მოექცა. 2006 წელს შრომის სახელმწიფო ინსპექცია გაუქმდა [უფლებამონაცვლე სამსახური არ შექმნილა]. მაშინდელი ძირითადი არგუმენტი, „მცირე მთავრობის“ პრინციპის გარდა, კორუფციის აღმოფხვრა იყო.

კორუფციის რისკზე შრომის რეფორმის განხილვის დროსაც საუბრობდნენ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები. ეს საკითხი ახლაც დადგა დღის წესრიგში: 2021 წლის იანვარში ტვ პირველის ეთერში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რევაზ ვაშაკიძემ (კომპანია „ჩირინა“/„ბიუ-ბიუ“) თქვა, რომ ინსპექციის მანდატის ზრდა „კორუფციის დასაწყისი“ იქნება:

„ისეთ პირობებში, როგორშიც საქართველოა, სადაც მოსახლეობის მცირე ნაწილია დასაქმებული, დამატებითი მაკონტროლებელი ორგანო შეიქმნას და კონტროლი დაიწყოს, ეს ქრთამის აღების პროცესს გაზრდის, კორუფციის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა მან.

მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს გამოწვევა არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ამას არ ელის და ამბობს, რომ ინსპექცია კორუფციისგან დასაცავად „ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით არის აღჭურვილი“.

„კერძოდ, [შემოწმებისას, ობიექტზე მისვლისას] გვაქვს სამხრე კამერები. არსებობს შესვლა-შემოწმების წესი, რომელიც აზღვევს ამ რისკებს — მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების გარეშე შრომის ინსპექტორი ვერ შევა საწარმოში, რაც დამატებითი ფილტრია ინსპექტირების პროცესში. ამასთან, შესაბამისი [სამართალდამცავი, ანტიკორუფციული] სამსახურები არსებობს, რომ თუკი რაიმე დარღვევა მოხდა, უკანონობა დაფიქსირდა, მოხდეს რეაგირება; გარდა ამისა, რისკები დამატებით შესაძლოა გადაზღვეული იქნას სასამართლოთი… ერთი სიტყვით, [კორუფციის რისკი] გამოწვევა არის, მაგრამ მე არ ველოდები, რომ პრაქტიკაში მსგავსი ფაქტები გვექნება“, – აცხადებს ბექა ფერაძე.

ინსპექტორთა რაოდენობა

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) მკვლევარი, გიორგი ლანჩავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ამჟამად შრომის ინსპექციის წინაშე დგას, ინსპექტორთა საკმარისი რაოდენობაა.

ამჟამად, ბექა ფერაძის თანახმად, უწყებაში 70-მე შრომის ინსპექტორი მუშაობს. როგორც EMC-ის იურისტი გიორგი ლანჩავა შენიშნავს, მათ დაევალათ პანდემიის პირობებში მთავრობის დაწესებული ეპიდემიოლოგიური ზომების შემოწმებაც, მათ შორის სკოლებში, რაც მნიშვნელოვან შრომით და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

„კითხვა ახლა ისაა, თუ რამდენად გასწვდება შრომის ინსპექცია იმას, რომ ეპიდემიოლოგიურ ნორმებსაც ზედამხედველობდეს და შრომის უსაფრთხოება და უფლებებიც დაიცვას სამუშაო ადგილებზე“, – ამბობს იგი.

მთავარი შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი ამჟამად 70-მდე ინსპექტორი მუშაობს, უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა 120-მდე გაიზრდება:

„ვგეგმავთ ინსპექტორთა რაოდენობის 120-მდე გაზრდას, რათა შრომის ინსპექციის სამსახურმა ყველა მიმართულებით უზრუნველვყოთ უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულება“.

მისი თქმით, უწყებას 120 შტატი უკვე აქვს კიდეც, თუმცა კადრები ჯერ არ აუყვანიათ, უახლოეს პერიოდში კი საჯარო კონკურსის გამოცხადება იგეგმება კადრების ასაყვანად. „იმედი გვაქვს, რომ რაოდენობა შეივსება“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი