„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის ორგანიზატორები ემზადებიან დიდი დემონსტრაციისთვის თბილისში, პარლამენტის წინ.
გოლეთიანის თანახმად, აქცია თბილისში გაიმართება იმ შემთხვევაში, თუკი „ნამახვანჰესის“ გარშემო მოვლენები კვლავ ისე გაგრძელდება, როგორც ამ დრომდე ვითარდება, — კომპანია არ შეწყვეტს სამუშაოებს და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.
ჯერჯერობით აქციების ორგანიზატორებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული თარიღი, როდის შეიძლება თბილისში საპროტესტო დემონსტრაცია გამართონ.
„ვცდილობთ, არ დავაჩქაროთ ეს აქცია და ვდებთ მაქსიმალურად შორს, რადგან იქ დადგომა უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს ეს პროცესი“, – განაცხადა გოლეთიანმა 4 აპრილს გუმათში აქციაზე.
„ეს პროცესი რომ არ არის მართული არც შიდა და არც გარე ძალის მიერ, სწორედ ამიტომ არის ეს საშიში [ხელისუფლებისთვის]… ის [პროცესი] მიიტანს იმ საქმეს ბოლომდე, რისთვისაც აქ ვართ დღეს მოსულები. არცერთი ჩვენგანი ამ ბრძოლაში არ დაიღლება“, – განაცხადა მან.
„ჩვენს მხარეზეა ყველა ის კრიტერიუმი და საზომი, რაც შეიძლება იყოს ღირებულებით აღჭურვილი, საღად მოაზროვნე ადამიანის იარაღი. მათზე კი მუშაობს ის უსუსური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიურად გავტეხოთ, როდემდე გაძლებენ ასეო. თქვენ ჩვენ ვერ გაგვტეხთ ვერც ფსიქოლოგიურად, ვერც დაგვშლით, ვერც დროით მოგვერევით“, – ასე მიმართა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას.
ამ წუთებში სოფელ გუმათში ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტებს რიონის ხეობაში, — იქ, სადაც კარვებია გაშლილი, — პოლიცია წინა დღიდან მოყოლებული არ უშვებს.
„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მოთხოვნაა, პოლიციამ გახსნას გზა ნამოხვნისკენ, — დემონსტრაციის ძირითადი ადგილისკენ, — წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ახალ ბანაკს გაშლიან გუმათში.
აქციაზე ვარლამ გოლეთიანთან სასაუბროდ პოლიციის მაღალჩინოსანი სულხან თამაზაშვილი მივიდა, უთხრა, რომ იქ უსაფრთხოების დასაცავად იმყოფებიან და ამ მიზნით აქვთ გადაადგილება შეზღუდული, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და მალევე დატოვა ტერიტორია.
ვითარება ხეობაში წინა დილიდან დაიძაბა — მას შემდეგ, რაც კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე იქ ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.
ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოები მალევე განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.
რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის „რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“.
3 მარტს, გვიან ღამით, სოფელ გუმათში პოლიციამ დააჯარიმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომელთაც სოფელ ნამახვანში ჩასვლა კარვებში მყოფ თანამოაზრეებთან შეერთება სურდათ.
რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.