ახალი ამბები

დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა, შეწყდეს სამუშაოები — NGO-ები

3 აპრილი, 2021 •
დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა, შეწყდეს სამუშაოები — NGO-ები

საქართველოში მოქმედი 3 არასამთავრობო ორგანიზაცია რიონის ხეობაში 3 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ისინი, ერთი მხრივ, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებული სამუშაოების შეჩერებას, მეორე მხრივ კი — ხეობიდან პოლიციის გასვლას მოითხოვენ.

“…დაუშვებლად მივიჩნევთ საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას.

პოლიციამ პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა პროტესტს სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ.

მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევს რიონის ხეობის მცველების სამართლებრივ წარმომადგენლებს.

ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს”, — აღნიშნავენ ისინი.

ხელმომწერი ორგანიზაციების თქმით, “გარდა იმისა, რომ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით განახლდა, რაც ამ დრომდე გრძელდება, ხელისუფლებამ ამ ქმედებით ასევე დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობისადმი საჯაროდ მიცემული პირობა, რომელიც ყველა შეკითხვასა და წუხილზე პასუხის გაცემის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განახლებას გამორიცხავდა. სახელმწიფო არ ელოდება არც ამ საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვას”.

“სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტის გზას არ იყენებს და სწორედ ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის დაცვის მიზნით მისთვის გადაცემულ საპოლიციო უფლებამოსილებას, დღეს მისივე მოქალაქეების ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ავტორთა თქმით, სახელმწიფო სრულად კერძო ინტერესის მხარეს დგას და ხელისუფლება ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციას ცდილობს როგორც საპოლიციო, ისე საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით:

“დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს. პროცესის ამგვარი რადიკალიზების საფუძველი, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ბუნდოვანია და საჯარო ინტერესისა და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო”.

ხელმომწერი მოუწოდებენ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს საპოლიციო ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა;

საქართველოს მთავრობას:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადგილზე მიმდინარე ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, დაუსაბუთებლად განახლებული მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;
  • პროექტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ დემოკრატიული და სათანადო საჯარო დისკუსიების წარმართვამდე, უარი თქვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესახებ მიღებული უკიდურესად პრობლემური გადაწყვეტილების რეპრესიული მეთოდებით აღსრულებაზე;

საქართველოს სახალხო დამცველს:

  • შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ადამიანის უფლებების შუქზე, რამდენადაც უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ადგილზე მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაშვება, ხოლო მიმდინარე მოვლენების მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

განცხადებას ხელს აწერენ “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “მწვანე ალტერნატივა”.

რა ხდებოდა რიონის ხეობაში 3 აპრილს

სოფელ ნამახვანში ვითარება 3 აპრილს დაიძაბა. დილის საათებში ადგილზე “ნამახვანჰესის” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.

ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოების მართლაც განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.

რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის “რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”.

რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით, ორჯერ გაიმართა საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.

მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი