სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების აღქმის შექმნისკენ მიმართული ქმედებები დასჯადი ხდება, არაკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.
SJC-ის დასკვნით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები თავისი შინაარსითა და ფორმულირებით სცდება დემოკრატიული წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს და ქმნის პოლიტიკური სივრცის კონტროლისა და პოლიტიკური გამოხატვის კრიმინალიზების უკიდურესად მაღალ რისკებს.
„ბუნდოვანი და შეფასებითი კატეგორიები ცალსახად ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ზრდის ნორმის თვითნებური და ბოროტი გამოყენების რისკებს. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმის ახალი დანაშაულის განსაზღვრის მიღმა, განსაკუთრებით პრობლემურია „ხელისუფლების არაღიარების მოტივის“ დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს პოლიტიკური შეხედულების კრიმინალიზებას და წინააღმდეგობაში მოდის აზრისა და რწმენის თავისუფლებასთან“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
SJC-ის თანახმად, რუსეთის, ბელარუსისა და თურქეთის გამოცდილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სწორედ ამგვარი სამართლებრივი ტრანსფორმაციებით იწყება პოლიტიკური სივრცის სისტემური დახურვა და ეტაპობრივად ბუნდოვანი „ანტიექსტრემისტული“ ან „ანტიტერორისტული“ ნორმები გამოიყენება არა ძალადობრივი საფრთხეების, არამედ პოლიტიკური ოპონენტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების, გაჩუმებისა და კრიმინალიზებისთვის.
„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, რისკი, რომ საქართველოში ინიციირებული ეს ცვლილებებიც ანალოგიური განვითარების საფრთხეს შექმნის, ძალიან მაღალია“, — აცხადებს SJC.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი ცვლილებები ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეულ უფლებებზე, არამედ მთლიანად სამართლის სისტემის ბუნებაზეც, რომელშიც სისხლის სამართალი გამოიყენება არა საჯარო წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებად, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ასეთ ვითარებაში ირღვევა ძალაუფლების განაწილების პრინციპიც, რადგან ფართო და ბუნდოვანი ნორმები უკიდურესად ზრდის პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციას და სასამართლოს უწევს პოლიტიკური კონფლიქტის სისხლისსამართლებრივ ჩარჩოში გამკლავება.
„ამასთან, თუ კანონის გამოყენება სასამართლოსთვის დამოკიდებულია პოლიტიკური კონტექსტის შეფასებაზე და არა მკაფიო სამართლებრივ კრიტერიუმებზე, სამართალი ვეღარ ასრულებს სტაბილურობისა და წინასწარგანჭვრეტადების ფუნქციას. ის იქცევა სელექციური გამოყენების ინსტრუმენტად, რაც საბოლოოდ არღვევს თავად კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სამართლის სისტემის გამოშიგვნის ეს პროცესი დამახასიათებელია ახალი ავტოკრატიებისთვის, სადაც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტები ფორმალურად შენარჩუნებულია — პარლამენტი კანონებს იღებს, სასამართლო ფუნქციონირებს, არჩევნები ტარდება, თუმცა სამართლებრივი ინსტრუმენტები სისტემურად გამოიყენება პოლიტიკური კონკურენციის შესაზღუდად და საჯარო სივრცის კონტროლისთვის. ასეთ რეჟიმებში რეპრესია ხშირად აღარ არის მასობრივი და აშკარა, თუმცა ავტორიტარული სამართლებრივი მექანიზმების დანერგვით, ეტაპობრივად ავიწროებს პოლიტიკურ სივრცეს, კონკურენციას და ქმნის თვითცენზურისა და შიშის გარემოს“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს არა მხოლოდ მათ არსებით შეუსაბამობაზე კონსტიტუციურ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ სტანდარტებთან, არამედ სამართლის სისტემის ფუნქციურ ტრანსფორმაციაზე და ამ პროცესში სამართალი თანდათან კარგავს უფლებებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სახელმწიფოს ინსტრუმენტის თვისებას და იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს.
„ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით დაამტკიცა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებათა პაკეტი.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება და სასჯელს სულ მცირე 1 წელი დაემატება.
კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
ამ მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს,- ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
ე.წ. „ექსტრემიზმისთვის“ იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.







