პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება.
“კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა გამოვყო, რომ უშუალოდ კაშხლის სამუშაოები 9-12 თვემდე შეჩერდება. ამაზე კომპანია დავითანხმეთ. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად. მათ შორის, უცხოელი და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით. ასევე, კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი. მოგეხსენებათ, რომ უშუალოდ რიონის ხეობის განვითარებისთვის ამ ეტაპზე 5- მილიონიანი ფონდი შეიქმნება. ამასთან, მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ ამ კომპანიას კომპენსაციებში 30 მლნ უკვე დახარჯული აქვს”,-აცხადებს ღარიბაშვილი.
14 მარტს ქუთაისში “ნამახვანი ჰესის” წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო, გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.
ამასთან, აქციის მოთხოვნებს დაემატა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი მოთხოვნა გამოწვეულია ნათია თურნავას მიერ 12 მარტს “ნამახვან ჰესზე” შეხვედრის დატოვებით.