ახალი ამბები

პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია “კომენდანტის საათის” დასრულების მოთხოვნით

3 აპრილი, 2021 •
პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია “კომენდანტის საათის” დასრულების მოთხოვნით

თბილისში, პარლამენტის წინ, მიმდინარეობს აქცია ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. შეკრებილები აპირებენ, დემონსტრაციულად დაარღვიონ გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც, ორგანიზატორთა თქმით, “პოლიტიკური იარაღია” მთავრობის ხელში.

აქციის ორგანიზატორთა შორის არიან მოძრაობა “სირცხვილია”, პლატფორმა “დროა”, პარტიები “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “ლელო”.

აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

“დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას.

თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება.

კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ.

სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია. პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ”, — აღნიშნულია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

აქციის დაწყების შემდეგ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ადგილზე მიიტანეს გალიებიც, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენელთა ფოტოებია მიმაგრებული.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით, სამი სხვადასხვა ადგილიდან მივიდნენ.

ორგანიზატორთა თქმით, ადგილზე დარჩებიან 05:00 საათამდე, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათი სრულდება. განცხადების მიხედვით, პარლამენტთან ღამის განმავლობაში ცოცხალი მუსიკა იქნება.

აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

დღის პირველ ნახევარში მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარედ, ტროტუარზე, სცენის მოწყობა სურდათ. აქტივისტთა თქმით, აღნიშნულის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

მათივე ინფორმაციით, პოლიცია აქტივისტებს სცენის დადგმას პარლამენტის კიბეზე სთავაზობდა. როგორც აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, აღნიშნულს აქციის ორგანიზატორები არ დაეთანხმნენ, ვინაიდან კიბის მიმდებარედ კარვებია გაშლილი და ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარება ვერ მოხერხდება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებების თანახმად, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება, ჯერჯერობით, არ იგეგმება. ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი