ახალი ამბები

რატომ არ განიხილავს მთავრობა “კომენდატის საათის” მოხსნას? — გამყრელიძის განმარტება

15 ივნისი, 2021 • 980
რატომ არ განიხილავს მთავრობა “კომენდატის საათის” მოხსნას? — გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს, 15 ივნისს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე არ უმსჯელიათ ქვეყანაში ნოემბრიდან მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ივნისის ბოლოდან მაინც თუ განიხილება “კომენდანტის საათის” გაუქმება, გამყრელიძე პასუხობს, “ქვეყანაში მაინც არ არის ის სიტუაცია, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნას”.

“დღეს ეს საკითხი [კომენდანტის საათის მოხსნა] არ განხილულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ინციდენტობისა და დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ მოდის. თუმცა ეს ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ჩვენი ახალი შემთხვევები რიცხვი მერყეობს 300-600-700-ს შორის. ჯერჯერობით ისეთი მაჩვენებელია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე სხვა შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას ერთი კვირა, ათი დღე და შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები”, — განაცხადა გამყრელიძემ.

15 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 23:00 საათიდან 04:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს აქვს გადაადგილებისთვის საჭირო სპეციალური ნებართვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი