მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, პოლიცია აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარედ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს. 3 აპრილის საღამოს ადგილზე იგეგმება აქცია ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით.
“საუბარი არის ფეხით სავალ ადგილზე, სადაც სცენას ვდგამთ ხოლმე: ან პარლამენტის წინ, ან მოპირდაპირე მხარეს, სადაც სამანქანო მოძრაობას პრობლემა არ შეექმნება. მანდ გვიზღუდავენ სცენის დადგმას”, — უთხრა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ “ნეტგაზეთს”.
მისივე ინფორმაციით, პოლიცია აქტივისტებს სცენის დადგმას პარლამენტის კიბეზე სთავაზობს. რუხაძის თქმით, აღნიშნულს აქციის ორგანიზატორები არ ეთანხმებიან, ვინაიდან კიბის მიმდებარედ კარვებია გაშლილი და ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარება ვერ მოხერხდება.
დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
აქციის “დაასრულე კომენდანტი!” ორგანიზატორთა თანახმად, ისინი 17:00 საათზე თბილისის სამ სხვადასხვა ადგილას — წითელ ბაღში, ვაკის პარკსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან — შეიკრიბებიან და მოაწყობენ მსვლელობებს.
“მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით მივალთ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე.
21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს.”, — ნათქვამია განცხადებაში.