ახალი ამბები

მთავრობას “კომენდანტის საათის” აუცილებლობა არ დაუსაბუთებია — ომბუდსმენი

18 ივნისი, 2021 • 1332
მთავრობას “კომენდანტის საათის” აუცილებლობა არ დაუსაბუთებია — ომბუდსმენი

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები უკვე მოიხსნა, მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება.

“მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისმა საბჭომ დაასაბუთოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე”, — ნათქვამია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიშში, რომელსაც დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.

ნინო ლომჯარია უარყოფითად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დროულად არ განეხილა კომენდანტის საათის კონსტიტუციურობის საკითხი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარება სასამართლოს არ აბრკოლებდა, საქმე დისტანციური სამართალწარმოების მეშვეობით განეხილა.

ამჟამად საქართველოში ე.წ. კომენდატი საათი მოქმედებს 23.00 საათიდან 04.00 საათამდე. მანამდე მოქალაქეებს თვეების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების უფლება საღამოს 9 საათის შემდეგ. მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მთავრობა ჯერჯერობით კვლავ არ აუქმებს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი