ახალი ამბები

ჩიხლაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: აქამდე მივედით “ოცნების” ხისტი ქმედებებით

2 აპრილი, 2021 •
ჩიხლაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: აქამდე მივედით “ოცნების” ხისტი ქმედებებით

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ჯგუფის მიერ გავრცელებულ წერილში შესაძლო სანქციების დაკისრებაზე საყურადღებო ჩანაწერია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პოლიტიკოსის თქმით, ამ მდგომაროებამდე ქვეყანა “ქართული ოცნების” ხისტმა და ქვეყნისთვის დამაზიანებელმა ქმედებებმა მიიყვანა და ახლა საჭიროა, ამომრჩევლების ინფორმირების გზით “ქართულ ოცნებაზე” წნეხი გაიზარდოს:

“სამწუხაროდ, აქ საუბარია როგორც ფინანსური დახმარების გადახედვაზე, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ წერია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სამწუხაროდ, ჩვენ მივედით აქამდე “ქართული ოცნების” ბრიყვული, ხისტი, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ქმედებების შედეგად. ის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ამას უკვე ადასტურებს ღარიბაშვილი, რომ მას არ სურს მოლაპარაკებები, ამას მოჰყვა იმავე დღესვე ასეთი მკვეთრი განცხადება ევორპარლამენტარების. მთავარია, ყველა პარტია ჩავიდეთ ჩვენს ამომრჩევლებთან, მოვახდინოთ ხალხთან მეტი ინფორმაციის მიტანა და ამით გავაძლიეროთ წნეხი ქართულ ოცნებაზე” ,- ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

განცხადებას ხელს 7 ევროპარლამენტარი აწერს.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი