ახალი ამბები

სანამ ჩვენს მეგობრებს ექნებათ დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, “ოცნება“ არაფერს დათმობს – ჯაფარიძე

31 მარტი, 2021 •
სანამ ჩვენს მეგობრებს ექნებათ დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, “ოცნება“ არაფერს დათმობს – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით,”ქართული ოცნება” დიპლომატიური ენითა და მოზომილი გზავნილებით არაფერს არ დათმობს. ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ჯაფარიძის თქმით,  შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით “ოპოზიციას პრინციპული პოზიცია ორ საკითხზე – ხელახალ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე” ჰქონდა, ამის გარდა კი იყო სამი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მომლაპარაკებლებმა ისევ ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერდა. მისი თქმით, მთელი პასუხისმგელობა ხელისუფლებაზეა.

“ჩემი აზრით, ჩვენს მეგობრებს, მათ შორის დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესშიც, უჭირავთ მცდარი პოზიცია, როდესაც პასუხისმგებლობას აკისრებენ ორივე მხარეს და ორივე მხარეს მოუწოდებენ კომპრომისისკენ. არ მესმის, რას ნიშნავს კომპრომისი, როდესაც სასამართლოს დამოუკდებლობაზეა საუბარი ან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე. ან არის სასამართლო დამოუკიდებელი, ან არის ბიძინასი, მანდ კომპრომისი სად გადის? არ მესმის, სად არის ჩემი პასუხისმგებლობა, როცა 8 წელია ერთი პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში და რომ პრობლემები არსებობს. ეს შარლ მიშელის ხუთივე პუნქტში წერია, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს და პოლიტიკური დევნაა, მე როგორ ვარ ამაზე პასუხისმგებელი? მანამ, სანამ ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი