“იმედის” ეგ ქარდი ჩვენთვის არ იყო გამიზნული, სხვა დანიშნულება ჰქონდა და აქვს”, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს იმ ქარდთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ზვიადა გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთადაა გამოსახული დამოუკიდებლობის აღდგენის კონტექსტში.

“იმ კაცს აქვს გამწვავებული პარანოია, ყველგან მტრები და შეთქმულებები ელანდება, რაც დამახასიათებელია ასეთი ტიპის მმართველობისთვის იმ ფაზაში, რა ფაზაშიც ახლა არის რეჟიმი.

ამ პარანოიის შედეგია ღარიბაშვილ-ლილუაშვილი ციხეში, ოხანაშვილი ხეზ სად, სუსის უფროსის მოადგილე, ახობაძე ციხეში, გენერალისიმუსი მდინარაძე ფეისბუქის მაკონტროლებლად და ა.შ. იმას სჭირდება ერთგულების პერმანენტული დადასტურება დაქირავებული მსახურებისგან, რადგან დროთა განმავლობაში ვიღაცა შეიძლება გატყდეს, ვიღაცა დაიღალოს, ვიღაცა გადაიბიროს დიპსტეტიტმა, ვიღაცას აღარ ეყოს მისთვის გამოყოფილი ‘კარმუშკა’.

ათასი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ერთგულების დადასტურების ფორმის მოფიქრება იმ მსახურებისთვის, რომლებმაც უკვე ყველანაირი ნაძირლობა ‘გააპრავეს’, არ არის მარტივი ამბავი, რა უნდა მოსთხოვო დამატებით მონას, რომელმაც უკვე ყველაფერზე მოაწერა ხელი? წამება, გოგოების ცემა, ოკუპანტისთვის ბოდიში, ანწუხელიძის შეუარცხყოფა, ქვეყნის გაფარჩაკება და იზოლაცია და ა.შ და ა.შ, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ‘გაგიპრავა’?

რთული ამბავია, ამიტომ აწი სულ უფრო გროტესკულ ამბებს ვიხილავთ, რომლებითაც ის დატესტავს მსახურების ერთგულებას.

ზის ახლა და იწერს, რამდენი სიმონიანი და სოლოვიოვი ჰყავს, ვინ ‘გააპრავა’ის ქარდი რბილად და ვინ გაატარა ჩუმად. მერე ალბათ არწყევს თავისსავე ‘გამპრავებლებზე’, ან იცინის და მათ მაგალითზე ცოტნეს ასწავლის თვითგადარჩენის ინსტიქტის მოქმედების მექანიზმს, მის სტრუქტურას”, – წერს ჯაფარიძე.


26 მაისს „იმედმა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიამატა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ქარდს და ისე მიულოცა საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი.

მართალია, დღეს ქართული საზოგადოება არა დამოუკიდებლობის აღდგენას ( 9 აპრილი, 1991), არამედ მის გამოცხადებას (26 მაისი, 1918) ზეიმობს, მაგრამ მაინც გაჩნდა კითხვა: ჰქონდა თუ არა რაიმე როლი ბიძინა ივანიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენაში, ან ზოგადად იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელ საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა?

მოკლე პასუხია, არა.

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი დისიდენტები იყვნენ. თუმცა, სანამ ისინი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკისგან დისტანცირებული იყო, რუსეთში ცხოვრობდა და იქ ბიზნესს აკეთებდა.

ვრცლად ამ თემაზე:

სად იყო და რას საქმიანობდა ივანიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისას