მთავრობა პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში დაახლოებით 400 მლნ ლარის ღირებულების ქონებას ყიდის. საპრივატიზაციო ქონება, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, დივერსიფიცირებულია და მოიცავს სახელმწიფო საწარმოებს, სააგარაკე ობიექტებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს და სხვა.
“საუბარია ძალიან დივერსიფიცირებულ პაკეტზე. ეს არის 150-ზე მეტი სახელმწიფო ქონება, ანუ არასასოფლო დანიშნულების მიწა თავისი შენობა-ნაგებობებით. ასევე არის სასოფლო-სამეურნეო მიწები აუქციონზე გასაყიდად. 50-მდე სხვადასხვა ნაკვეთი. ასევეა სააგარაკე ობიექტები, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს პოსტპანდემიურ პერიოდში, რადგან ადამიანებს რეაბილიტაცია სურთ და ეს ობიექტები შეიძლება გამოდგეს როგორც დეველოპმენტისთვის, ასევე, მცირე და საშუალო სასტუმროების განსავითარებლად და ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის. ამ მთლიანი პაკეტის საინტერესო ნაწილია წიაღისეულის საბადოები. 50-მდე შეთავაზება, რომელიც მოიცავს სამთოქიმიურ, პოლიმეტალებს, მინერალური წყლებს, ანუ ყველაფერს, რაც არა მარტო მოპოვება, არამედ მისი გადამუშავებაც გვინდა საქართველოში”,-აცხადებს თურნავა.
დღეს, 30 მარტს, გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა ასევე თქვა, რომ პრივატიზაციის პროგრამაში მოხვდება სახელმწიფო საწარმოებიც, თუმცა მთავრობა სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოების პრივატიზაციას არ გეგმავს:
“მოგეხსენებათ, რომ სტრატეგიული საწარმოების შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ კორპორატიზაციასა და რეფორმას მათი ეფექტურობის ასამაღლებლად, მაგრამ სხვა არასტრატეგიული საწარმოები უმჯობესია, კერძო პატრონის ხელში იყოს და მათი ეფექტურობა ამაღლდეს.”
საპრივატიზაციოდ მომზადებული საწარმოების ჩამონათვალი:
- შ.პ.ს “ზუგდიდის ფარმაცია” – 306 000 ლარი
- “თბილისის N1 სტომატოლოგიური კლინიკა” – 266 000 ლარი
- “დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალური ზედამხედველობის ცენტრი” – 246 000 ლარი
- “ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის” 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51% წილი – 1 014 000
- “საზღვაო ტექსერვისი” – 2 263 800 ლარი
- “ხაშურის მინის ტარა” – 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935% წილი – 747 200 ლარი
- “საყალიბე ქვიშები” – 49% წილი – 550 841 ლარი
- “ჭიათურის ავტოსადგური” – 49% წილი – 166 700
- “თერმული წყლები” – 1 511 000 ლარი
- “უნიონი” – 20% – 399 000 ლარი
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა 366 740 540 ლარის ღირებულების 150-ზე მეტ ობიექტს გამოიტანს. ნათია თურნავას თქმით, აქედან ნახევარზე მეტი პირველად გადის გასაყიდად, დანარჩენები კი “დამუშავების” შემდეგ “სოლიდური ფასდაკლებით” გადის აუქციონზე.
2019 წელს ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოსთან ერთად, პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში დაახლოებით 100 ობიექტი გამოიტანა, რომელთა ჯამური საწყისი ღირებულება 150 მლნ ლარი იყო, მოსალოდნელი საინვესტიციო ღირებულება კი- 200 მლნ ლარია.