რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის ძირითადი აქცენტი ქვეყანაში პოლიტპატიმრების საკითხზე იყო.
დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და რესპუბლიკურ პარტიებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა ჰქონდათ.
„როგროც ყველა შეხვედრაზე, დღესაც იყო საუბარი იმ 5 პუნქტზე, რომელიც დევს მაგიდაზე, ძირითადი აქცენტი იყო პატიმრების საკითხზე, რადგან ამ საკითხის გადაჭრის გარეშე, რაც მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სივრცე არ იქმნება კომპრომისზე სასაუბროდ.
კომპრომისის გარეშე ვერ შედგება ეს შეთანხმება და ამისთვის ორივე მხარე უნდა ვიყოთ მზად. ამაზე საუბარი და სივრცე კომპრომისისთვის გაჩნდება, როდესაც პატიმრების საკითხი იქნება გადაჭრილი“, – აცხადებს სამნიძე.
მისივე თქმით, მართალია, ხელისუფლება არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას, ამას საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, ეს პროცესი გათვლილია გრძელ ვადასა და ფუნდამენტურ ცვლილებებზე – „იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას და ასეთი ტიპის კრიზისებს“.
გვქონდა საფუძვლიანი საუბარი მელიასა და რურუას საქმეებზე – სამადაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.
გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.