ახალი ამბები

რას გულისხმობს კრისტიან დანიელსონის მედიაციის ფორმატი

15 მარტი, 2021 • 1421
რას გულისხმობს კრისტიან დანიელსონის მედიაციის ფორმატი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის სამდღიანი (12-14 მარტი) ვიზიტით ჩამოვიდა, თუმცა განუსაზღვრელი ვადით დარჩა, “ვიდრე შეთანხმება არ შედგება”. პოლიტიკურ დიალოგში ჩართული მხარეები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც დისკუსია მიმდინარეობს — ესაა შარლ მიშელის მიერ პირველ მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შეხვედრაზე ჩამოწერილი 6 საკითხი.

შარლ მიშელის ჩარჩო

ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს — ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში საფუძველი დაუდო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ფასილიტაციით დაწყებული და მეოთხე რაუნდის შემდეგ გაჩერებული მოლაპარაკებების განახლებას. ფასილიტატორობიდან მედიაციამდე გაიზარდა ევროკავშირის როლი მოლაპარაკებებში, რომლის მიზანი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა.

შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პირველ მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე შედგა განსახილველი საკითხების 6-პუნქტიანი ჩამონათვალი:

  1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  2. კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა. კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
  3. პოლიტიკური მართლმსაჯულება, მათ შორის, სავარაუდო პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრა;
  4. პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, აგრეთვე პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას გულისხმობს;
  5. პოტენციური ახალი არჩევნები და ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება;
  6. ფასილიტაცია-მედიაციის გაგრძელება და 15 მარტს, ევროკავშრი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის გადამოწმება.

განსახილველი საკითხების ჩამონათვალმა თავდაპირველად რამდენიმე მედიასაშუალებაში “გაჟონა” და შეხვედრის მონაწილეებმა მისი შინაარსი დაადასტურეს, თუმცა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “ეს ოფიციალური დოკუმენტი არაა, მოთხოვნების ჩამონათვალია, რომლებსაც აქამდეც აყენებდა ოპოზიცია”.

ვინ არის კრისტიან დანიელსონი

თბილისში ვიზიტის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში საკუთარ წარმომადგენლად შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დანიშნა.

ევროკავშირის ცნობით, კრისტიან დანიელსონი იყო შვედეთში მუდმივი წარმომადგენელი, სანამ 2011 წელს ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნებოდა. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი — სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.

დანიელსონის მისია საქართველოში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში 12 მარტიდან ჩერთო.

ვიზიტის პირველ დღეს ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შემდეგ კი დისკუსიების ორი (“ქართული ოცნებასთან” კი — სამი) რაუნდი გამართა 4 ჯგუფად დაყოფილ პოლიტიკურ პარტიებთან:

  1. „ქართული ოცნება“
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ბლოკში მყოფი “რესპუბლიკური პარტია”
  3. “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი” და “გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის”
  4. “ლეიბორისტული პარტია”, “მოქალაქეები” და “პატრიოტთა ალიანსი”

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში, ასევე, ჩართული არიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, — იყო მოლოდინი შეთანხმების მიღწევაზე, თუმცა 14 მარტს, პარტია “ქართულ ოცნებისა” და კრისტიან დანიელსონის მორიგი შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დისკუსიების ერთი ნაწილი, ფაქტობრივად, დასრულებულად გამოაცხადეს, თქვეს რა, რომ “ჯერ კიდევ რჩება საკითხები, სადაც საჭიროა პოზიციების დაახლოება” და დიალოგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა.

არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებიდან მალევე, კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, 15 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვიზიტი კიდევ უფრო გახანგრძლივდა.

“ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა”, – განაცხადა “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

“კრისტიან დანიელსონს არ უსაუბრია ვიზიტის გახანგრძლივების მიზეზებისა და დეტალების შესახებ, მომხდარს მოკლედ დაარქვა confusion (გაუგებრობა)” და საქართველოში ყოფნა გაახანგრძლივა მანამ, სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ”, — გვითხრა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

დანიელსონი ოპოზიციას, რომელსაც სამ სხვადასხვა ჯგუფად იყო დაყოფილი, 15 მარტს უკვე გაერთიანებულ ფორმატში შეხვდა, თუმცა, “ლეიბორისტული პარტიისა” და “პატრიოტთა ალიანსის” გამოკლებით. ახალი კონფიგურაციის მიზეზი უცნობია, “ლეიბორისტულ პარტიაში” ამბობენ, რომ მორიგი შეხვედრის შესახებ შეტყობინებას ევროკავშირის წარმომადგენლობისგან იღებენ და გრაფიკი მათზე დამოკიდებული არ არის.

რაც შეეხება პოტენციური შეთანხმების ტექსტს, დიალოგში მონაწილე აქტორების ცნობით, მასზე მუშაობა შარლ მიშელის ჩარჩოს 5 საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს (მე-6 საკითხი, ევროკავშირის მედიაცია ისედაც სრულდება). ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მედიატორმა თავდაპირველად მოისმინა ყველა პარტიის წინადადებები, მათ საფუძველზე მოამზადა საკუთარი დოკუმენტი და შემდგომ შეხვედრებზე სწორედ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტის პროექტს განიხილავენ.

“კრისტიან დანიელსონმა ჯერ ყველა პარტიიდან მოისმინა კონკრეტული წინადადებები შარლ მიშელის ჩარჩოს ფარგლებში, ამ მოსმენილის საფუძველზე, შემდეგ რაუნდზე უკვე თვითონ მოამზადა საკუთარი დოკუმენტი. დღესაც, ოპოზიციის ერთობლივ შეხვედრაზე განხილვა მიდიოდა დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის  ფარგლებში, სადაც გაერთიანებული იყო ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა და დანიელსონის საკუთარი მოსაზრებები, — როგორ შეიძლება გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა. ჩვენი დისკუსიის საგანი ახლა არის ყველა საკითხზე კონკრეტიკა, უფრო სიღრმეებში შესვლა, ტექნიკა და [ვარიანტების] ჩამონათვალი, თუ როგორ გადაწყდეს ეს პრობლემა. დანართები ახლავს ამ დოკუმენტს. დღესაც იყო შესწორებები, დამატებები, შენიშვნები. ასე ვმუშაობთ ახლა. ჩვენ არ ვიცით “ოცნების” შემოთავაზებები, ვმუშაობთ თვითონ დანიელსონის მომზადებულ წინადადებებზე”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

სამნიძისთვის უცნობია, კრისტიან დანიელსონს საერთო “დრაფტი” (პროექტი) აქვს თუ არა “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციისთვის. საკუთარ წინადადებებზე არ საუბრობს “ქართული ოცნებაც”.

“ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე უკვე შემაჯამებელი დოკუმენტი დაიდება და ორმხრივი შეხვედრაც იქნება. ასეთი მოლოდინია, ასეთ სქემას ვხედავთ და ასე გეგმავს თვითონ ბატონი დანიელსონიც. არ ვფიქრობ, რომ შეიძლება პროცესი დიდხანს გაიწელოს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ანგარიში უნდა წარადგინოს. სავარაუდოდ, ხვალ ველოდებით ორმხივ შეხვედრას [“ოცნებასთან” ერთად]”, – ამბობს სამნიძე.

15 მარტს კრისტიან დანიელსონი შეხვდა “ქართულ ოცნებასაც”. შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციისგან არცერთი წინადადება არაა წარმოდგენილი.

“ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა და ისიც არის ძალიან ბუნდოვანი წინადადება მათი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაციაა ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლაპარაკებებში პროგრესს ელის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე, რომელიც ბრიუსელში 16 მარტს გაიმართება.

ბრიუსელში ღარიბაშვილსა და მიშელს შორის შეხვედრა იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი