ახალი ამბები

გვქონდა საფუძვლიანი საუბარი მელიასა და რურუას საქმეებზე – სამადაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე

29 მარტი, 2021 • 509
გვქონდა საფუძვლიანი საუბარი მელიასა და რურუას საქმეებზე – სამადაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან საფუძვლიანად განიხილეს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები.

დღეს დანიელსონი ენმ-სა და რესპუბლიკურ პარტიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეტალებში ვერ შევიდოდა, თუმცა თქვა, რომ მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა იყო.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ერთ-ერთ მთავარზე, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. ყველას, მათ შორის, მედიატორებს, კარგად გვესმის, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე შეთანხმების სივრცე არ იარსებებს და დღეს კონკრეტულად გვქონდა დეტალური საუბარი სწორედ პოლიტპატიმრების პრობლემებზე, ქვეყანაში მართლმსაჯულების გამოწვევაზე და პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულების პრობლემებზე. ეს იყო შეხვედრის კონკრეტული თემა, რაც შემიძლია გითხრათ“, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, საუბარი იყო ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მათ შორის რეგიონალურ კონტექსტში, და იმ კრიზისზე, რომელიც საქართველოში იარსებებს, თუ შეთანხმება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის არ შედგება.

სამადაშვილი ამატებს, რომ მედიატორებისთვის ოპოზიციის „აღქმა ამ გამოწვევების არის გასაგები, ისევე, როგორც ჩვენთვის არის გასაგები მათი ხედვა. დანარჩენი გამოჩნდება შემდგომ პროცესში“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ოპოზიციის მხრიდან ხომ არ იქნებოდა კონსტრუქციული და ხომ არ განმუხტავდა სიტუაციას ნიკა მელიასთვის დაწესებული გირაოს გადახდა, სამადაშვილი ამბობს:

„სიტუაციას განმუხტავს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და არა მელიას მიერ გადახდა მისთვის ყოველგვარი საჭიროებისა და კანონის დარღვევით დაკისრებული გირაოსი. პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში განმუხტავს რამდენიმე რამ- ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა, ეს არის სასამართლო რეფორმა, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და ეს არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში“, – ამატებს ის.

„დღეს საუბარი გვქონდა სწორედ ამაზე, როგორ გათავისუფლდნენ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა. ორი პოლიტპატიმარი, რომელიც დღეს დაპატიმრებული ჰყავს ქართულ ოცნებას“, – აცხადებს სამადაშვილი.

მისივე თქმით, დასავლელ პარტიორებს ევროპასა და აშშ-ში განსხვავებული ხედვები აქვთ „ქართული ოცნებისგან“ და მმართველმა გუნდმა მათი გზავნილები უნდა გაითვალისწინოს.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, გვქონდა საუბარი ძალიან საფუძვლიანი პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეებზე“, – ამატებს სამადაშვილი.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს.  როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.

გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.

17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი