ახალი ამბები

“არ ჰქონდა ანემია, COVID-ზე ტესტი ნეგატიური იყო” — რატიანი გარდაცვლილ ექთანზე

29 მარტი, 2021 •
“არ ჰქონდა ანემია, COVID-ზე ტესტი ნეგატიური იყო” — რატიანი გარდაცვლილ ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი განმარტავს, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს  18 მარტს მის კლინიკაში 28 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე.

რატიანი ხაზს უსვამს, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანისას მეგი ბაქრაძეს ჰქონდა გულისცემა, ელექტროენცეფალოგრამაზე კი ფიქსირდებოდა ტვინის დაზიანება, თუმცა, არა სიკვდილი.

რეანიმატოლოგის თქმით, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო, სამბალიან კომაში იმყოფებოდა და ჰემოდინამიკური მონაცემები მკვეთრად არასტაბილური ჰქონდა, რაც რატიანის განმარტებით, ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას:

“მინდა, მოსახლეობას განვუმარტო დღეს არსებული ინფორმაცია მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით. მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე. რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას, რომ ქალბატონი მეგი 19:45 წუთზე იყო გარდაცვლილი. კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. ქალბატონი მეგი შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ 19:45 წუთზე.

პაციენტი იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ველნტილაციაზე, ჰემოდინამიკური მონაცემები იყო მკვეთრად არასტაბილური. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. პირადად მე და ქალბატონმა ქეთიმ გავსინჯეთ.

კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო პრეპარატების მეგადოზებით. შემოსვლისას მდგომაროება იყო კრიტიკული, შეუქცევადი. სამწუხაროდ, ეს იყო გამოწვეული ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით — მყარი ვაზოპლეგიით, და ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში საბოლოოდ გამოიწვია გულის გაჩერება და სიკვდილის დაფიქსირება” ,— ამბობს ლევან რატიანი.

მისი თქმით, ვერ ისაუბრებს “იმედის” კლინიკაში განხორციელებულ ღონისძიებებზე და აცხადებს, რომ თბილისში გადმოყვანის შემდეგ მეგი ბაქრაძეს ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა და მას ანემია არ აღენიშნებოდა. ამასთან, რატიანის თქმით, პაციენტს ასევე ჩაუტარდა PCR კვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე, რაზე პასუხიც უარყოფითი იყო.

რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეგი ბაქრაძეს შესაძლოა ჰქონოდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რატიანი აცხადებს, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს პოსტრეანიმაციული დაავადების ფილტვის ფენომენად.

კერძოდ, რეანიმატოლოგის თქმით, გულის გაჩერება სასუნთქი სისტემის დისფუნქციასაც იწვევს და აცხადებს, რომ ის კლინიკური სურათი, რაც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც გამოჩნდა, ასევე შეიძლება გამოეწვია გულ-ფილტვის რეანიმაციას და შესაძლოა არ ნიშნავდეს, რომ პაციენტს წინა პერიოდში ჰქონდა ფილტვის დაზიანება:

“როდესაც ჩერდება გული, ეს თავისთავად იწვევს სასუნთქი სისტემის დისფუნქციას. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომელიც განხორციელდა თუნდაც “იმედის” კლინიკაში და ა.შ. შესაძლებელია, გამოიწვიოს ის კლინიკური სურათი, რაც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდა. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს წინა პერიოდში ჰქონდა დაზიანება. რაც დაზიანება იყო კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, შეიძლება ჩაითვალოს პოსტრეანიმაციული დაავადების ფილტვის ფენომენად”, — ამბობს რატიანი.


საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს 28 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი 18 მარტს დაუფიქსირდა. თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, განუვითარდა თუ არა გარდაცვლილ ექთანს ანაფილაქსიური შოკი და უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას.

რა (არ) ვიცით ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ამბავზე

მასალების გადაბეჭდვის წესი