საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი 18 მარტს დაუფიქსირდა. თუმცა, ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, განუვითარდა თუ არა გარდაცვლილ ექთანს ანაფილაქსიური შოკი და უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას, ამ დრომდე არ არსებობს.
მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა და დაგვიანებული ჩარევა გახდა, თუმცა ამას უარყოფენ ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკა “იმედის” წარმომადგენლები, სადაც ექთანი მუშაობდა და აიცრა. მათი თქმით, ექთანს ყველა საჭირო პროცედურა მაშინვე ჩაუტარდა, მათ შორის გაუკეთდა “პროტოკოლით გათვალისწინებული წამლები”.
სავარაუდო გვერდითი რეაქციის გამოვლენიდან რამდენიმე საათში, ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
რა არის ანაფილაქსიური შოკი და შეიძლება თუ არა მისი თავიდან არიდება
ანაფილაქსიური შოკი მწვავე ალერგიული რეაქციაა, რომელიც სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ ვითარდება. ყველაზე ხშირად მას გარკვეული მედიკამენტები და საკვები იწვევს.
ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში ვლინდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათშიც განვითარდეს. ამასთან, მისი განვითარება არ არის დამოკიდებული ალერგენის დოზაზე და შესაძლოა, მცირე რაოდენობაც გახდეს მისი გამომწვევი მიზეზი.
ანაფელაქსიური შოკის განვითარების შემდეგ, პაციენტის გადასარჩენად გადამწყვეტი მნიშვნელობა სწრაფ რეაგირებას აქვს, რაც პირველ რიგში, ადრენალინის გაკეთებას გულისხმობს.
ალერგოლოგი, დავით თელია “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო პრეპარატები ნებისმერ კლინიკაშია. ამასთან, მისი თქმით, შოკის განვითარებასას პირველადი დახმარების გაწევა ყველა ექიმმა იცის:
“სულ 3-4 მედიკამენტია საჭირო და შესაბამისი მართვის აპარატურა,რაც ნებისმიერ კლინიკაშია. ანაფილაქსიური შოკის მართვა იმდენად რუტინულ პროცედურად ითვლება, რომ ყველა ექიმმა იცის. ანაფილაქსიური შოკი შეიძლება დაგემართოს ნებისმიერ სიტუაციაში, მაგალითად ქუჩაში სეირნობისას, ფუტკრის კბენის შემდეგაც”, – განმარტავს თელია.
ამასთან, თელიას თქმით, ანაფილაქსიური შოკის დროს, ადამიანი ძირითადად გულ-სისხლძართა სისტემის უკმარისობით, ანუ წნევის ვარდნით იღუპება. თუმცა, მისი განცხადებით, 27 წლის ექთანის შემთხვევაში არ არის ზუსტი ინფორამცია, ჰქონდა თუ არა მას ანაფილაქსიური შოკი, ან თუ ჰქონდა რა გახდა მისი გამომწვევი მიზეზი.
ალერგოლოგის განმარტებით, ანაფილქსიური შოკის პირველადი გამოვლინება ძირითად შემთხვევევებში პაციენტების კანის და ლორწოვანი გარსის შემოწმებით ხდება. ყველაზე მთავარი დამადასტურებელი კი ტრიფტაზის განსაზღვრაა, რომლის ანალიზის აღებაც გამოვლენიდან 3 საათში უნდა მოხდეს.
“თუ გვერდითი რეაქციის გამოვლენიდან 3 საათის განავლობაში ჩატარდა ანალიზი ტრიფტაზაზე და ამან დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს ანაფილაქსიურ შოკთან, მაშინ ის დიაგნოზი ძალიან დიდი ალბათობით დასტურდება”, – ამბობს თელია.
თუმცა მისი თქმით, აღნიშნული ანალიზის გაკეთება ხშირ შემთხვევაში, პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ხდება.
თელიას განმარტებით, ანაფილაქსიური შოკის პროვოცირება, ძირითად ალერგენთან ერთად, შესაძლოა ალერგენის ორგანიზმთან შეხებამდე არსებულმა მდგომარეობამაც გამოიწვიოს. მაგალითად, მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური და პრემენსტრუალური პერიოდი, ასევე სხვადასხვა მედიკამენტები და ნივთიერებები, რომელსაც პაციენტი ძირითად ალერგენთან შეხებამდე იღებდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, თელიას თქმით, წინასწარ განსაზღვრა, ექნება თუ არა პაციენტს კონკრეტული ნივთირების მიმართ ისეთი ალერგიული რეაქცია, როგორიც ანაფილაქსიური შოკია, შეუძლებელია.
“ანაფილაქსიური შოკი არ არის პროგნოზირებადი. პაციენტის გასინჯვით და გამოკითხვით შეიძლება, რომ ექიმმა ეჭვი მიიტანოს, არის თუ არა ის მეტ-ნაკლებად რისკის ჯგუფში, მაგრამ იმის ანალიზი, რომ განისაზღვროს წინასწარ, დაემართება თუ არა ანაფილაქსიური შოკი გამორიცხულია.
ერთ წამალზე [ალერგიის შეფასებისას] შეიძლება წინასწარ გაკეთდეს ანალიზი, სინჯი, თუმცა ამ ანალიზის დიაგნოსტიკური ღირებულება არ აღემატება 70%-ს. ანუ 30% შემთხვევაში ეს ანალიზი იტყუება. [ასტრაზენეკას] ვაქცინაში შედის უამრავი კომპონენტი, მათ შორის ყველაზე უფრო სავარაუდო ალერგენად მოიაზრება, მაგალითად, პოლისორბატი. პოლისორბატი გაცილებით ნაკლებად ალერგიულია ვიდრე ის კომპონენტი, რომელიც “ფაიზერის” ვაქცინაში შედის. “ფაიზერის” ვაქცინა კიდევ უფრო რთული ალერგენს შეიცავს”, – ამბობს თელია.
თელიას განმარტებით, კორონავირუსის ვაქცინები სხვა, უფრო ადრე შექმნილ ვაქცინებთან შედარებით ნაკლებად ალერგიულია.
რაც შეეხება კონკრეტულად “ასტრაზენეკას” ვაქცინას, თელია ამბობს, რომ ის თავისი შინაარსით და შემადგენლობით ალერგიული “არ უნდა იყოს, რადგან მასში მხოლოდ ერთი კომპონენტია, რომელიც მეტ-ნაკლებად კავშირშია” ალერგიასთან.
ალერგოლოგის განმარტებით, მსოფლიოში კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინით გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა ეს რიცხვი ძალიან დაბალია.
“მე უბრალოდ მიკვირს ის, რომ ანაფილაქსიური შოკი [ვაქცინის გაკეთების შემდეგ] არსად დამთავრებულა სიკვდილით და აქ რატომ დამთავრდა არ ვიცი. ”ფაიზერის” ვაქცინით, 5 მილიონ აცრაზე 50 ანაფილაქსიური შოკია დაფიქსირებული. “მოდერნაზე” 2.8 მილიონ დოზაზე 21 შემთხვევაა და არც ერთ შემთხვევა არ დასრულებულა პაციენტის გარდაცვალებით. რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, 1.8-1.9 მილიონ აცრაზე 21 შემთხვევა იყო დაფიქსირებული და არც აქ გვაქვს გარდაცვალება”, – ამბობს თელია.
მისი განმარტებით, 27 წლის ექთანის გარდაცვალება, კონკრეტული შემთხვევის დეტალურ შესწავლას საჭიროებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გარკვეული დასკვნების გამოტანა.
“დარწმუნებული ვარ, რომ გამორიცხულია, ანაფილაქსიური შოკის მართვა არ იცოდნენ თბილისის კლინიკებში. ეს წარმოუდგენელია. აქ ლაპარაკია, იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი, თუ რამე სხვა იყო. და პაციენტს ხომ არ ჰქონდა რაიმე ისეთი წინასწარი განწყობა, რასაც სერიოზული გამოკვლევა სჭირდება. იგივე პრემენსტრუალური მდგომარეობა, რამე წამლებს ხომ არ იღებდა, რაღაც სხვა მედიკამენტები ხომ არ ჰქონდა მიღებული და ა.შ”, – განმარტა თელიამ.
გარდაცვლილი ექთანის ოჯახის პოზიცია
გარდაცვლილი ექთანის დამ, ფიქრია ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გარდაცვლილი ექთანი ალერგიული არ ყოფილა. ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამაშვილის თქმით კი,მეგი ბაქრაძის ოჯახის პოზიცია “ძალიან მკაფიოა” და მათ აინტერესებთ მეგის გარდაცვალების მიზეზის დადგენა.
ადვოკატის განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ოჯახს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება სურს, რადგან ის არა მხოლოდ გადამოწმების, არამედ “დაზუსტების საშუალებაცაა”. მისი განმარტებით, თუ დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებები დაემთხვევა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, ოჯახს დაზუსტებულად ეცოდინება, თუ რა მოხდა რეალურად. იმ შემთხვევაში თუ მათი დასკვნები არ დაემთხვევა, ოჯახს მეტი გადამოწმების და ფაქტების დაზუსტების საშუალება მიეცემა.
“ამ ეტაპზე დადასტურებულად ვერაფერს გეტყვით, არის მხოლოდ ინფორმაციები, რომლებიც ოჯახის წევრებს შორის ტრიალებს. ოჯახის წევრები და ახლობლები გამოთქვამენ გარკვეულ უკმაყოფილებებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბარია დაუდევრობაზე, უყურადღებობაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს. მას შემდეგ, რაც სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საშუალება გვექნება, უფრო დაზუსტებულად და მკაფიოდ შევძლებთ ამ საკითხებზე საუბარს”, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა “TV პირველთან”.
ამასთან, ბარამაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარიც, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი, ნამდვილად, ანაფილაქსიური შოკი.
რას ამბობენ კლინიკაში და სამინისტროში
27 წლის ექთანის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ტრაგიკულ შემთხვევას, პირველადი შეფასებით, სწორედ ანაფილაქსიურ შოკს უკავშირებს. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კი ექთანის გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე განაცხადა, რომ ანამნეზის თანახმად გარდაცვალებამდე ექთანს ანაფილაქსიური შოკი აღენიშნებოდა, რამაც პაციენტის გულის გაჩერება გამოიწვია:
“ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა სავარაუდოდ, გამოწვეულია როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხარათ რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით,”- ამბობდა რატიანი ექთანის გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.
მისი გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ანაფილაქსიურ შოკსა და კონკრეტულ შემთხვევაში ექიმების რეაგირებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ხდება, თუმცა “ბუნებრივია ეს არ უკავშირდებოდა კორონავირუსის ვაქცინაციას”. გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული ალერგიული რეაქციის 40-60 შეთხვევაა აღწერილი, მათ შორის გასულ წელს ორი ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილ ანაფილაქსიური შოკს, გაბუნიამ განაცხადა, რომ “ასტრაზენეკას” 5 მილიონი აცრიდან ბრიტანეთში 41 შემთხვევა დაფიქსირდა, “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთების შემდეგ კი ეს მაჩვენებლი უფრო მაღლი იყო.
19 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში ანაფილაქსიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება მალევე მოხერხდა.
“არის ანაფილაქისური შოკი და არის ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობები, რომელიც შეიძლება შოკის სახით არ გამოვლინდეს და იყოს მსგავსი. ერთი შემთხვევა იყო ჯერჯერობით”, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, ბრიფინგზე გაბუნიამ აღნიშნა, რომ მას “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების სხვა ფაქტი მისთვის არ არის ცნობილი.
მისი თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შესახებ ისინი გლობალური ანგარიშგების ერთეულს შეატყობინებენ, სადაც შემთხვევის ანალიზი მოხდება და “მოგვცემენ პასუხს, არის ეს პირველი შემთხვევა, თუ მანამდეც იყო ცნობილი სხვა შემთხვევები”.
გაბუნიას განმარტებით, ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევისთვის ყველა კლინიკა მზადაა, ყველა კლინიკას აქვს შესაბამისი მედიკამენტები და ჰყავს მომზადებული მედპერსნალი. მათ შორის იმ კლინიკაშიც, რომელში აცრის შემდეგაც 27 წლის ექთანს სავარაუდოდ ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
“ახალციხის “იმედის” კლინიკა სრულადაა აღჭურვილი, იქ არის რეანიმაციული განყოფილება და სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ მაშინვე მოხერხდა პაციენტისთვის რეანიმაციული დახმარების გაწევა და გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პაციენტი გადმოყვანილი ყოფილიყო. ეს [მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანა] იმის გამო არ მომხდარა, რომ ადგილზე არ იყო შესაფერისი პირობები, არამედ მოხდა იმის გამო, რომ შემთხვევა უკიდურესად საყურადღებო იყო და ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ ექსპერტების მონაწილეობა თბილისიდან, რომელთა ახალციხეში წასვლაში დამატებითი დრო დაიკარგებოდა. ამდენად ახალციხის კლინიკა არის მომზადებული ამისთვის”, – განმარტა გაბუნიამ ბრიფიგნზე.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინაციის პროცესში ჩართული ყველა ექიმი გადაამზადა და უზრუნველყო, რომ ისინი პროტოკოლს გასცნობოდნენ.
რაც შეეხება კლინიკა “იმედის” მედპერსონალს, კლინიკური მენეჯერი, მზევინარ კაკოშვილმა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება “ჩივილის თქმიდან წამებში” გაეწია. კაკოშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პროტოკოლიდან გამომდინარე მათ ადრენალინის “გამზადებული შპრიცი” ჰქონდათ.
“ანტიშოკური ტუმბო დგას იმუნიზაციის სივრცეში, წამებში გაკეთდა ყველაფერი. როგორც კი გამოვლენილი სიმპტომები შევაფასეთ, როგორც იმუნიზაციის შემდგომ გამოვლენილი სიმპტომები, გავაკეთეთ შეტყობინება შესაბამის ორგანოებში სასწრაფოდ და იქიდან მიღებული რეკომენდაციებით ავიღეთ სისხლის ნიმუში, რომელიც გადაეცა ანალიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაადგენს მიზეზობრივ კავშირს. უკავშირდებოდა ეს ვაქცინას, თუ არა”, – განმარტა “იმედის” კლინიკურმა მენეჯერმა.
ამასთან, კლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგის, გიორგი გოგოტიშვილის თქმით, მან აცრა მეგი ბაქრაძეზე 5 წუთით ადრე გაიკეთა იმავე ამპულიდან ამოღებული ვაქცინით. მისი განცხადებით მასთან ერთად ამ ამპულით მეგის ჩათვლით კიდევ 9 ექიმი აიცრა, თუმცა მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს “არაფერი არ სჭირს”.
“აგერ ვარ მე, ვინც აიცრა მაგ საწყალი გოგოს წინ, ხუთი წუთით ადრე. მე ვარ ძალიან დიდი რისკჯგუფი. მაქვს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, გულზე ნაოპერაციები, ხუთი შუნტი მადევს გულზე – და პრაქტიკულად არაფერი [არ მჭირს]. როგორც ვიყავი ამ აცრამდე, ისევ ისე ვარ – არც სიცხე, არც ხველა, არც ანაფილაქსია და არც თრომბოზი, არაფერი…”, – განაცხადა გოგოტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რა მოხდა ექთანის გარდაცვალების შემდეგ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, 27 წლის ექთანის გარდაცვალების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასტრაზენეკას “ვაქცინით” იმუნიზაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება ისე, როგორც ეს “ფაიზერის” წარმოებული ვაქცინით უნდა განხორციელებულიყო.
ასევე, გაბუნიამ განაცხადა, რომ იმ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც ჯავშანი ამბულატორიებში ჰქონდათ გაკეთებული, სტაციონარებში გადაამისამართებენ, სადაც რეანიმაციული განყოფილებაც ფუნქციონირებს:
“ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესი “ასტრაზენეკას” შემთხვევაში ისევე, როგორც “ფაიზერისთვის” იყო ეს მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე” — ამბობს გაბუნია.
გაბუნიამ განაცხადა, რომ როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ დაწესებულებებში, ანაფილაქსიური რეაქციის მართვისთვის საჭირო ყველა პირობა არსებობს, თუმცა დამატებითი უსაფრთხოებისთვის ვაქცინაცია იმ დაწესებულებებში გაგრძელდება, სადაც რეანიმაციული ჩარევაც იქნება შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში:
“იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია გასათვალისწინებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გარძელება”.
მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაცია გაგრძელება 40 მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც რეანიმაციული განყოფილებაც არსებობს.
ამავე ბრიფინგზე გაბუნიამ განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტი “კიდევ მეტ შიშს, კითხვის ნიშანს და უნდობლობას” გამოიწვევს, თუმცა ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ “სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა, ასევე სხვა მოქალაქეებმა იმისთვის, რომ მათ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით”.
რაც შეეხება საქართველოში ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 20 მარტს ვაქცინაციის პორტალზე 5 250 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის კი 3 674 აიცრა.
ამასთან, 19 მარტს დარეგისტრირებული იყო 5 185 ადამიანი, ხოლო აცრილი 3 642 მათგანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 20 მარტს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა განმარტება, რომ ანაფილაქსია ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს.
გუშინ, 19 მარტს კი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მზად არის “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრას.
“მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე საზოგადოებას”, — განაცხადა ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ანაფილაქსიური შოკი და ვაქცინაციის პროტოკოლი საქართველოში
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე წლის 13 თებერვალს დაამტკიცა კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი, სადაც აღწერილია კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინის შემდეგ ანაფილაქსიის შემთხვევები. პროტოკოლი ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური მდგომარეობის მართვასაც ითვალისწინებს.
“სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლის გამოყენების პირობები მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ანაფილაქსია შეიძლება დაემართოს ყველას, ნებისმიერ ადგილსა და დროს, ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეული ვაქცინაციის ცენტრი, განურჩევლად იმისა, მდებარეობს ის სამედიცინო დაწესებულების გარეთ თუ შიგნით, იყოს მზად მძიმე ალერგიული რეაქციების ამოსაცნობად და სამკურნალოდ. დაუყოვნებლივი და სათანადო მენეჯმენტის პირობებში, მწვავე შემთხვევის დროსაც, ანაფილაქსია შეიძლება იყოს მართული ისე, რომ მას მინიმალური დამაზიანებელი შედეგი მოყვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის დროს ასაკოვანი და კომორბიდული ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის არსებობს ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების ალბათობა და ანაფილაქსიის მართვის გართულების რისკი, რეკომენდებულია ვაქცინაციის ცენტრი ფუნქციონირებდეს საავადმყოფოს ბაზაზე”, – წერია პროტოკოლში.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციის შემდეგ არსებობს ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკები, ვაქცინის გაკეთებამდე იმუნიზაციის პროცესში ჩართულმა პირებმა აცრის მსურველს უნდა დაუსვან სხვადასხვა სახის შეკითხვა, მათ შორის ჰქონია თუ არა კონკრეტულ პირს მანამდე ანაფილაქსიის გამოვლენის შემთხვევა.
“არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზოგჯერ ამძაფრებდნენ ალერგიულ რეაქციებს და მათი იდენტიფიცირება საჭიროა პაციენტის ანამნეზის შეკრების დროს. ეს ფაქტორებია: წინა მწვავე ანაფილაქსიური ეპიზოდები, უკონტროლო ასთმა, მასტოციტოზი და პოხიერი უჯრედების სხვა დარღვევები, ბრადიკინინული ან იდიოპათიური ანგიოდემა და სხვა”, – განამრტებულია პროტოკოლში.
ასევე, პროტოკოლში განამარტებულია, რომ აცრის გაკეთებამდე გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ მედიკამენტებმა, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, ACEინჰიბიტორები, რომლებიც ხშირად ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, შეიძლება ხელი შეუშალოს ანაფილაქსიის მკურნალობას.
“სხვა ცნობილი კო-ფაქტორებიდან ანაფილაქსიური რეაქციის პროვოცირებას ან გაუარესებას იწვევს ფიზიკური დატვირთვა, ალკოჰოლის მიღება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგჯერ მენსტრუაცია, რომელიც დროში ემთხვევა ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებას და სხვა. ამჟამად არ არის ცნობილი, რამდენად უწყობს ხელს ეს კო-ფაქტორები მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარებას COVID-19 ვაქცინის შეყვანის შემდეგ”, – განმარტებულია პროტოკოლში.
პროტოკოლში აღნიშნულია, რომ ანაფილაქსია გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს, რის გამოც დიაგნოზი ძირითადად კლინიკური ნიშნების და სიმპტომების ამოცნობას ემყარება.
აღნიშნული სიმპტომებია:
- რესპირაციული: სასუნთქი გზების/ყელის „გადაკეტვის“ შეგრძნება, სტრიდორი, სუნთქვის უკმარისობა, მსტვინავი ხიხინი, ხველა;
- გასტრო-ინტესტინალური: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის სპაზმები, ტკივილი
- კარდიოვასკულური: თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია
პროტოკოლის თანახმად, სიმპტომები ძირითადად ვაქცინაციიდან 15-30 წუთის განმავლობაში ვლინდება, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს რამდენიმე საათშიც. ამასთან, ანაფილაქსიის ადრეული ნიშნები შეიძლება მსუბუქი ფორმის ალერგიას ჰგავდეს, რის გამოც რთული იყოს იმის გათვლა, პროგრესირდება თუ არა ეს სიმპტომები ანაფელაქსიად.
“თუ პაციენტს განუვითარდა ქავილი და შეშუპება, რომელიც შემოიფარგლება ინექციის ადგილით, უნდა მოხდეს ზოგადი სიმპტომების განვითარებაზე დაკვირვება (საჭიროების შემთხვევაში ზემოთ აღწერილი სადამკვირვებლო პერიოდების გაფართოებით).
სიმპტომების გენერალიზების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს ადრენალინი, უნდა მოხდეს დაკავშირება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურთან, რათა პაციენტი გადაყვანილ იქნას სამედიცინო მომსახურების უფრო მაღალ დონეზე. .
გარდა ამისა, უნდა მოხდეს პაციენტების ინსტრუქტაჟი ალერგიული რეაქციის ნიშნების ან სიმპტომების ამოცნობის მიზნით, რათა ვაქცინაციის ადგილის დატოვებისა და სადამკვირვებლო პერიოდის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა დროულად მიმართოს სასწრაფო დახმარებას.
ალერგენით ექსპოზიციის შემდეგ კარდიოლოგიურ-რესპირაცირული დარღვევები შესაძლოა რამდენიმე წუთში გამოვლინდეს. შესაბამისად, ანაფილაქსიის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დავაწვინოთ (ფეხებით აწეულ მდგომარეობაში) და გავუკეთოთ ადრენალინის კუნთშიდა ინექცია”, – ვკითხულობთ პროტოკოლში.
რა წერია პროტოკოლში ანაფილაქსიის შემთხვევების შესახებ
პროტოკოლის თანახმად, მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია – 1-5 შემთხვევა მილიონ ადმინისტრირებულ დოზაზე.
რაც შეეხება ანაფილაქსიას, პროტოკოლის თანახმად ანაფილაქსიის მქონე 21 პაციენტიდან, დადასტურებული ალერგია ჰქონდა 17 მათგანს, რომელთაგან 7-ს ანამნეზში ანაფილაქსიის ისეთი გამოვლინება აღენიშნებოდა, რომლის დროსაც საჭირო გახდა ადრენალინის აუტოინექტორის დანიშვნა.
ამასთან, პროტოკოლში ასევე განმარტებულია, რომ 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან 2021 წლის იანვრის პირველ რიცხვებამდე 10 ანაფილაქსიის დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა “მოდერნას” ვაქცინაზე, რაც ერთ მილიონ დოზაზე 2.5 ანაფილაქსიის შემთხვევას გულისხმობს. მათგან 9 შემთხვევაში ანაფილაქსია ვაქცინაციიდან 15 წუთის განმავლობაში დაიწყო.
“ანაფილაქსიის ყველა შემთხვევა დროულად და წარმატებით იყო ნამკურნალევი”, – წერია პროტოკოლში.
“ფაიზერის” 9 943 247 ადმინისტრირებულ დოზაზე დაფიქსირდა ანაფილაქსიის 50 შემთხვევა, “მოდერნას” 7 581 429 ადმინისტრირებულ დოზაზე კი 21.
რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, პრტოკოლში განმარტებულია, რომ ბრიტანეთის სამედიცინო ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს მიერ 2021 წლის 28 იანვარს გავრცელებული მონაცმებეის თანახმად “ასტრაზენეკას” ვაქცინის არასასურველი ეფექტების და უსაფრთხოების პროფილის შესახებ ინფორმაცია კლინიკურ კვლევას ეყრდნობა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა.
“ანალიზში ჩართული იყო 23,475 >18 წლის ასაკის მოზრდილი, რომლებიც იღებდნენ ასტრაზენეკას COVID-19 ვაქცინას და საკონტროლო ინექციას. აღნიშნული მონაწილეებიდან 12,021 -მა მიიღო ასტრაზენეკას ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა. დაკვირვების პერიოდი 5 ასტრაზენეკას ვაქცინის ჯგუფში იყო 105 დღე პირველი ინექციის შემდეგ და 62 დღე მეორე ინექციის შემდეგ”, – წერია პროტოკოლში.