დღეს, 28 მარტს, მოსახლეობა ვაშლიჯვარში, ნანტის სკვერში, ჯვართამაღლების ეკლესიასთან, მეწყერთან დაკავშირებით აქციას მართავს.
როგორც აქციის ორგანიზატორები ფეისბუკზე წერენ, აქციის მიზანია, “კიდევ ერთხელ, ერთად და ხმამაღლა გავაჟღეროთ მოსახლეობის მოთხოვნები და თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მოვუწოდოთ მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობისკენ და მოსახლეობის ჩართულობისკენ”.
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
- გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა;
- დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები;
- მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია;
- შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
- შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
ადგილობრივმა მოსახლეობამ შექმნა პეტიციაც, რომელზეც ხელმოწერა ყველას შეუძლია.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რას გაანადგურებს მასა.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც აღნიშნული მეწყერი უნდა შეისწავლონ. ისინი ქვეყანაში თბილისის მერიამ ჩამოიყვანა.