ახალი ამბები

მედიატორის ჩამოსვლის წინ ასეთი განცხადება არ არის სწორი — სამნიძე ოპოზიციის ნაწილის წერილზე

27 მარტი, 2021 •
მედიატორის ჩამოსვლის წინ ასეთი განცხადება არ არის სწორი — სამნიძე ოპოზიციის ნაწილის წერილზე

ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად არიან, პარლამენტში შევიდნენ, “რესპუბლიკური პარტია” არ შეუერთდა. პარტიაში ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლის წინ მსგავსი განცხადება და “წინაპირობების” დაყენება არასწორია.

“ჩვენ, როგორც იცით, მთელი მოლაპარაკებების პროცესში ყოველთვის ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებდით ამ პროცესს. ბოლო შეხვედრა მედიატორის ჩართულობით დამთავრდა წარუმატებლად. ვერ შევძელით შეთანხმება და ამაში ვხედავ როგორც ხელისუფლების დიდ წილ პასუხისმგებლობას, ასევე ოპოზიციის როლსაც…

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ განაგრძოს ეს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თემაზე წინაპირობების გარეშე შევძლოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარი.

ჩვენ ვხედავთ მედიატორში პარტნიორს, ამიტომ არ ვთვლით, რომ მას წინაპირობები უნდა დავუყენოთ ჩამოსვლამდე ან რაიმე ტიპის გამოცდა უნდა მოვუწყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფერზე სასაუბროდ და ხელისუფლებას, რომელიც არ არის მოწადინებული, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიოთ, არ მივცეთ ამის არანაირი საბაბი”, — აღნიშნავს სამნიძე.

კითხვას, კონკრეტულად რომელ პუნქტს არ იზიარებს “რესპუბლიკური პარტია” ოპოზიციის ნაწილის წერილიდან, ხათუნა სამნიძე პასუხობს:

“ასე არ გამოვყოფდი. ახლა, მედიატორის ჩამოსვლის წინ, ასეთი საჯარო განცხადება თავისი წინაპირობებით, არ არის სწორი, ამიტომ ამას არ უერთდება რესპუბლიკური პარტია.

სწორია, დაველოდოთ მედიატორს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ვისაუბროთ ყველა თემაზე ყველა პუნქტის ფარგლებში, რადგან კომპრომისი არის გარდაუვალი. რას მოვაწერთ ხელს და რას არა, ეს [მოლაპარაკების] პროცესში უნდა ვთქვათ.

მოლაპარაკების პროცესში უნდა მივიდეთ გადაწყვეტილებამდე და არა მოლაპარაკებების დაწყების წინ კონკრეტული წინაპირობებით მივმართოთ მედიატორს”.

ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ასევე არ ფიქსირდება “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ლეიბორისტების” ხელმოწერა. პირველი მათგანი ამბობს, რომ  ეთანხმება აღნიშნული წერილის სულისკვეთებას, თუმცა მისი ახლა გამოქვეყნება “ტაქტიკურ შეცდომაც” მიაჩნია.

განცხადების ზოგად სულისკვეთებას იზიარებენ “ლეიბორისტებიც”, თუმცა კონკრეტულ პუნქტებს არ ეთანხმებიან.

მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში — ოპოზიციური პარტიები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი