ახალი ამბები

რატომ არ მოაწერეს ხელი “ლეიბორისტებმა” ოპოზიციის ნაწილის განცხადებას — გუგავას განმარტება

27 მარტი, 2021 •
რატომ არ მოაწერეს ხელი “ლეიბორისტებმა” ოპოზიციის ნაწილის განცხადებას — გუგავას განმარტება

ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად არიან, პარლამენტში შევიდნენ, “ლეიბორისტული პარტია” არ შეუერთდა. ამის მიზეზი წერილის რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით “ლეიბორისტების” განსხვავებული პოზიციაა.

“განცხადების მთლიან სულისკვეთებას ვეთანხმებით. არის ცალკეული პუნქტები, რომლებთან დაკავშირებითაც განსხვავებული აზრი გვაქვს და ამიტომ, თავი შევიკავეთ ხელმოწერისგან”, — უთხრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ “ნეტგაზეთს”.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი არის პარტიათა გზავნილი, რომ შეთანხმების შემთხვევაში მზად არიან, შევიდნენ პარლამენტში:

“ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას… ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. თუ ახალი არჩევნები დაინიშნება, შემდეგ თანმდევი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმები, შეუძლიათ, მათ განახორციელონ ჩვენს შეუსვლელადაც”.

“ლეიბორისტები” ასევე არ ეთანხმებიან პლებისციტის იდეას, როგორც ახალი არჩევნების დანიშვნის საშუალებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის წერილში ნათქვამია:

“ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი”.

გიორგი გუგავას თქმით, პარტია არც ამ პუნქტს იზიარებს:

“არჩევნებამდე მისასვლელი ეს გზა ჩვენთვის მისაღები არ არის. ვფიქრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული და გამოკითხვით არ ხდება მისი აღმოფხვრა.

ამავე დროს, ეს აძლევს დროს ივანიშვილს, რომ რამენაირად გამოძვრეს ამ სიტუაციიდან და მოახდინოს არსებული პარლამენტის ლეგიტიმაცია”.

ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ასევე არ ფიქსირდება “სტრატეგია აღმაშენებლის” ხელმოწერა. პარტია ამბობს, რომ  ეთანხმება აღნიშნული წერილის სულისკვეთებას, თუმცა მისი ახლა გამოქვეყნება “ტაქტიკურ შეცდომაც” მიაჩნია.

მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში — ოპოზიციური პარტიები

მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში — ოპოზიციური პარტიები

მასალების გადაბეჭდვის წესი