ახალი ამბები

შექმნილ ვითარებაში ეს ტაქტიკური შეცდომაა — “სტრატეგია აღმაშენებელი” ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე

27 მარტი, 2021 • 953
შექმნილ ვითარებაში ეს ტაქტიკური შეცდომაა — “სტრატეგია აღმაშენებელი” ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე

“სტრატეგია აღმაშენებელი” ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. პარტია ამბობს, რომ  ეთანხმება აღნიშნული წერილის სულისკვეთებას, თუმცა მისი ახლა გამოქვეყნება “ტაქტიკურ შეცდომაც” მიაჩნია.

“…შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებით, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, “არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს”.

“შესაბამისად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს .

შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი, რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.

ჩვენთვის “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” მნიშვნელოვანია არა ის, რა უფრო სასარგებლოა ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის არამედ ის, თუ რა გამოიყვანს საქართველოს შექმნილი კრიზისიდან და როგორ მოიგებს ამ ყველაფრით ქვეყანა, რომ ყველა ერთად, რაც შეიძლება მალე გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ” – ამბობს პარტია.

დღეს, 27 მარტს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც დასძენს, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად არის, შევიდეს პარლამენტში.

მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში — ოპოზიციური პარტიები

მასალების გადაბეჭდვის წესი