ახალი ამბები

მადლობა გახარიას – განათლების სამინისტროს სსიპ-ის უფროსმა პოსტი დატოვა

26 მარტი, 2021 •
მადლობა გახარიას – განათლების სამინისტროს სსიპ-ის უფროსმა პოსტი დატოვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი დავით ფარცვანია თანამდებობას ტოვებს, ექსპრემიერ გიორგი გახარიას მადლობას უხდის და ამბობს, რომ საზოგადოებას დროებით ემშვიდობება.

„დღეს მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობისთვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე“, – დაწერა დავით ფარცვანიამ ფეისბუკზე 26 მარტს.

„მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა, ბატონო გიორგი, რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის, რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ – რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს“, – წერს იგი.

ფარცვანიამ ასევე მადლობა გადაუხადა განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს და სამინისტროს გუნდს.

„მე დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე“, – დაწერა მან.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება.

გახარიას კვალდაკვალ, მთავრობის ადმინისტრაცია დატოვეს

  • მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა ქემოკლიძემ,
  • ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ,
  • რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა,
  • სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო მდინარაძემ,
  • პრემიერის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა,
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

23 მარტს, გადგომიდან ერთი თვის შემდეგ, გახარიამ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი