თბილისის 61-ე ბაღის ბავშვების მშობლებს დღეს დირექტორი, მუნიციპალური ლაბორატორიისა და ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

როგორც მშობლები ამბობენ, საბოლოო პასუხი ჯერ ისევ არ აქვთ დაიხურება თუ არა ბაღი, თუ დაიხურება, როდის, ასევე სად გადავლენ ბავშვები. მათი პოზიციაა, რომ არ დათანხმდებიან ბავშვების სხვა ბაღებში გადაყვანას.

„ვითხოვთ მშობლები ზუსტ პასუხს, საშიშროებას წარმოადგენს თუ არა ეს შენობა. გასაუბრებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ პასუხი არ გვაქვს“, – ამბობს მშობელი თამუნა ლიპარტელიანმა.

შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ ჩერდება, თუმცა „ნეტგაზეთს“ მშობლები ეუბნებიან, რომ გუშინ მათთან განსხვავებული ინფორმაცია გაჟღერდა – კერძოდ, დღის მეორე ნახევარში მიიღეს შეტყობინება, რომ 5 ოქტომბრიდან შენობა უნდა დაცლილიყო და ბავშვები მე-60 და 59-ე ბაღებში უნდა გადაენაწილებინათ.

„რომ ავტეხეთ მშობლებმა ამბავი და პროტესტი გამოვთქვით, იმ საღამოსვე დარეკა დირექტორმა ერთ-ერთ მშობელთან და ასეთი ინფორმაცია უთხრა, რომ აღარ იკეტება ბაღი, თურმე აღარ არის ავარიული, ჩვენც ძალიან დაბნეულები ვართ, უკვე ვეღარ გავიგეთ რა გზა მოვნახოთ… დასკვნა მოვთხოვეთ გუშინვე დირექტორს, თუმცა დასკვნა ვერ გვაჩვენა, რადგან არ არსებობს დასკვნა, ახლა ატარებენ კიდევ ექსპერტიზას“, – ამბობს მშობელი, თინათინ რაზმაძე.

დღეს ადგილზე მისულმა ლაბორატორიის ინჟინრებმა მედიასთან მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთეს:

„დამევალა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. ვასრულებ ჩემს სამუშაოს… შენობის ტექნიკურ მდგომარეობას ვიკვლევთ“, – თქვა ლაბორატორიის წარმომადგენელმა.

როგორც მშობლები ამბობენ, ლაბორატორიიდან პასუხი დღეს ან მაქსიმუმ ორშაბათს უნდა მიიღონ რის მიხედვითაც გადაწყდება როგორ იმოქმედებს ბაღი.

„ორშაბათისთვის მაქსიმუმ გვეცოდინება პასუხი ერთი ფლიგელი ან ზოგადად მთელი ბაღი რა მდგომარეობაშია და ამის მიხედვით, თუ ერთი ფლიგელია ავარიული დროებით მეორეში გადავალთ, სანამ გაამაგრებენ. მშობლები არ ვართ თანახმა, რომ სხვა ბაღში გადაგვანაწილონ, ალტერნატიულ ფართს მოვითხოვთ აუცილებლად“, – ამბობს თინათინ რაზმაძე.

მედიასთან კომენტარი არ გააკეთა ბაღის დირექტორმა, ანა თინიკაშვილმა. მან გუშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ თავადაც ელოდებოდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ბაღების მართვის სააგენტოს – უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.