კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ მედიააკადემიას ბონდო გასვიანი უხელმძღვანელებს.

გასვიანი აღნიშნულ პოსტზე პირველ ოქტომბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე ჩაანაცვლა. ფუტკარაძე მედიააკადემიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.

გიორგი ფუტკარაძე მედიააკადემიის დროებით ხელმძღვანელის პოსტს მიმდინარე წლის თებერვლიდან, მას შემდეგ იკავებდა, რაც აღნიშნული თანამდებობიდან შორენა შავერდაშვილი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გაათავისუფლა.

როგორც ნეტგაზეთს კომუნიკაციების კომისიაში განუცხადეს, გიორგი ფუტკარაძე მუშაობას მედიააკადემიის მედიასკოლის ხელმძღვანელად გააგრძელებს.

რაც შეეხება ბონდო გასვიანს ის, განათლებით ეკონომისტია. 2010-2013 წლებში მუშაობდა შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” სხვადასხვა თანამდებობებზე; 2013 წელს მუშაობდა კერძო სექტორში, კერძოდ, ტურისტული კომპანია M – Tour -ში დირექტორის მოადგილედ; 2014-2019 წლებში მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის პოზიციაზე; 2019 წელს დაინიშნა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის მოადგილედ; 2020-2025 წელებში მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 2025 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იკავებს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას და არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი.