ახალი ამბები

„13 ჩვენგანს სამაგალითოდ სჯიან“ – GWP-ის დასაქმებულების პროტესტი გრძელდება

28 იანვარი, 2021 •
„13 ჩვენგანს სამაგალითოდ სჯიან“ – GWP-ის დასაქმებულების პროტესტი გრძელდება

უკვე მე-4 დღეა, წყალმომარაგების კომპანია GWP-ის დასაქმებულები, ფაქტობრივად, გაფიცულები არიან.

დასაქმებულების თქმით, კომპანიამ მათი მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობა დადო, რაზეც ისინიც დათანხმდნენ.

თუმცა, მათი თქმითვე, კომპანიამ უარი განაცხადა, სამსახურეში დაეტოვებინა 13 ადამიანი, ვინც „აქციაზე და მედიასთან აქტიურობდა“. მათ გარეშე არც სხვა დასაქმებულები დაუბრუნდნენ სამუშაოს.

რა პირობებში მუშაობენ დასაქმებულები? რას ითხოვენ? რას ამბობს კომპანია? რა ელით მომხმარებლებს?

მოთხოვნები

თბილისის წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP-ის) სპეცტექნიკის მძღოლებმა და ოპერატორებმა აქციები 25 იანვარს დაიწყეს. ისინი სამგორში, ფეიქრების ქუჩაზე კომპანიის ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტთან — სამუშაო ადგილას — შეიკრიბნენ და გამოაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე, სანამ მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებდნენ.

დასაქმებულების თანახმად, მოთხოვნები ასეთი იყო:

  • ხელფასების გათანაბრება ერთსა და იმავე საქმის შემსრულებელი ადამიანებისთვის და ანაზღურების ტარიფის გაზრდა:
    • „შარშან ზაფხულში, როცა კომპანიის წინაშე დადგა ფაქტი, რომ გამოცდილი კადრი ტოვებდა სამსახურს იმის გამო, რომ ხელფასი იყო დაბალი, უფროსობამ მოიფიქრა, მოვუმატოთ ხელფასი, რომ წავახალისოთო. საათში ₾4.20-დან გახადეს ₾5.55, მაგრამ ამორჩევით. ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს 100 ადამიანი, მოუმატეს 25 ადამიანს. მე, მაგალითად, ვიღებ ₾5.55-ს და ჩემი ძმაკაცი, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს, შეიძლება ჩემზე მეტსაც, იღებს ₾4.20-ს. ასეთი წვრილმანი ძალიან ბევრია“;
    • „რაც არ გვეკუთვნის, იმას არ ვითხოვთ. საათში 4.20 ლარია ძირითდად ოპერატორის პოზიციაზე, როცა სხვაგან არის ხელზე 7-8 ლარი. თვეში გამოდიოდა 720 ლარი, იმ ფონზე, როცა ყოველ მესამე ღამეს ათენებ. ღამის მორიგეობები გვაქვს“;
    • „გათანაბრების გარდა, გვინდოდა საათში ტარიფის ერთი ლარით მომატება. აქ არიან თვითმცლელის მძღოლები, რომლებიც დადიან, დილიდან დილამდე მუშაობენ. ზოგს აქვს 720, ზოგს 900. მაგრამ არც ეს 900 არის შესაბამისი ანაზღაურება“…
  • სამუშაო გარემოს გამართვა: გასახდელის, საშხაპის მოწყობა, ტუალეტის მოწესრიგება; მოსასვენებელი სივრცით უზრუნველყოფა:
    • „სააბაზანო არაა, სველი წერტილები არაა მოწესრიგებული. ადმინისტრაციის შენობაში გვქვს ერთი პატარა ოთახი. დღეში მუშაობს 100-150 კაცი და იქ უნდა მოისვენოს ამ ხალხმა. უმრავლესობა კი გასულია ხოლმე, მაგრამ საღამოობით გროვდება ეს ხალხი და ვერსად ვერ ჩერდები, ამ ზამთარში გარეთ უნდა იდგე. ამის გამოსწორება გვინდა“.
  • შრომითი უფლებების დაცვა — ანაზღაურებადი შვებულება, დაზღვევა და ა.შ.
    • „ერთი და იგივე პოზიციაზე მომუშავეებს გვაქვს ზოგს კონტრაქტი, ზოგნი ვართ შტატში. რეალობაა ის, რომ წლებია მუშაობენ, მაგრამ მინც კონტრაქტზე არიან… როცა კონტრაქტზე ხარ, დაზღვევა, შვებულება და ეგეთები არ გეკუთვნის.
    • შვებულებაზე ასეა: თუ მოითხოვ, უნდა მოაგვარო შენი სმენის ბიჭებთან, რომ იმათ ტექნიკა ამუშაონ, და შენ მიდიხარ უხელფასოში. რომელიღაცა ცუდად რომ გახდეს, რამე დაემართოს, ის სარეაბილიტაციო პერიოდი იქნება უხელფასო… დაზღვევა არაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს, ობიექტზე ბევრი რამე ხდება, რაც არ ჯდება შრომის ნორმებში. სარისკო პირობებია“.

ხანმოკლე კომპრომისი

როგორც დასაქმებულები გვიამბობენ, 26-27 იანვარს, მოლაპარაკებების შედეგად, კომპანიამ მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განუცხადა და ისინი ამ პირობებზე დათანხმდნენ:

„[მენეჯმენტის წარმომადგენლები] წამოვიდნენ ხელფასების გათანაბრებაზე, არ წამოვიდნენ მძღოლებისთვის ტარიფის მომატებზე. ვერაო. მაგრამ თქვეს, იქნება გრძელვადიანი სამუშაოები, რის შედეგადაც პირობები გამოსწორდებაო და, ასე ვთქვთ, შიდა სამზარეულო მოწესრიგდებაო. ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ, რომ ამას უნდა დავთანხმებოდით“, – უთხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა „ნეტგაზეთს“.

GWP-ის პრესცენტრმა 27 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად კონტრაქტორი მძღოლები მზად იყვნენ გაეგრძელებინთ მუშაობა.

თუმცა, როგორც დასაქმებულებმა გვითხრეს, საამისოდ მენეჯმენტის დათქმა იყო, რომ „13 აქტიური ადამიანი, ვინც აქციაზე და მედიასთან ჩანდა, გათავისუფლდება“.

„13 კაცს სამაგალითოდ სჯიან“

კომპანია 27 იანვრის განცხადებში წერს, რომ „კონტრაქტორების იმ მცირე ჯგუფის მიმართ, რომელთა მხრიდანაც გამოვლინდა აგრესიული, ძალადობრივი და სხვა სახის უკანონო ქმედებები … ადმინისტრაციის მიერ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები“.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, ამ მცირე ჯგუფში გულისხმობენ თუ არა აღნიშნულ 13 ადამიანს, და კონკრეტულად რის გამო ათავისუფლებენ მათ, კომპანიას ჯერ არ უპასუხია. მათ ჯერ არც ის დაუკონკრეტებით, რას გულისხმობს „აგრესიული, ძალადობრივი და სხვა სახის უკანონო ქმედებები“.

ოთხშაბათს, 27 იანვარს კომპანიის გარეთ შეკრებილი დასაქმებულები უკვე აღარ იყვნენ ისე გახსნილი მედიასთან, როგორც წინა დღეებში. კამერასთან საკუთარი სახის გამოჩენა აღარავინ ისურვა. „ნეტგაზეთსაც“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ:

„ამ 13 კაცს იმიტომ აგდებენ, რომ ვინც დარჩება და მუშაობას გააგრძელებს, იყოს მაგალითი, ასე დაისჯებით ყველა, ვინც რამეს მოითხოვთ, თქვენ როგორც გინდათ, ისე არ იქნებაო“, – გვითხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

კიდევ ერთმა დასაქმებულმა მადლიერება გამოხატა მათი აქტიურობის გამო: „13 კაცი ცოტა არაა, მათ უკან 13 ოჯახი დგას, 13 და მეტი ბავშვი და ამდენი ხალხი რჩება მშიერი. ის 13 კაცი ჩვენთან ერთად იდგა, ჩვენთან ერთად გაათენა, ჩვენნაირად სტკივა, შია და სწყურია. არარეალური არ მოგვითხოვია. მიყვებით კიდეც პირობებზე, მაგრამ ეს 13 უნდა დატოვონ, თუნდაც იმიტომ, რომ იჩენდა ინიციატივას და 200 კაცის ნაცვლად ლაპარაკობდა“..

პროტესტი გრძელდება

27 იანვრს აქციის მონაწილეებთან დამოუკიდებელი პროფკვშირის, „სოლიდრობის ქსელის“ წარმომადგენლები მივიდნენ, მათ მოთხოვნებს გაეცნენ და მოგვიანებით ადმინისტრაციასაც შეხვდნენ.

„სოლიდარების ქსელის“ იურისტმა დავით ომსარაშვილმა შეხვედრის შემდეგ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ამ შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო: „არ გაითვალისწინეს დასაქმებულების მოთხოვნა. მენეჯმენტის პოზიციით, რამდენიმე ადამიანთან, ვინც პროტესტს გამოთქვამს, შრომით თუ მომსახურების ხელშეკრულებას არ გააგრძელებენ“.

ომსარაშვილის თქმით, მართალია, კომპანია სხვა დასაქმებულებს აძლევს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას, თუმცა ამაზე, — 13 ადამიანის გარეშე დაბრუნებაზე, — უკვე ისინი ამბობენ უარს.

დასაქმებულების თანახმად, მათ 27 იანვრის 17:00 საათამდე მისცეს დრო, სამუშაოს დაბრუნებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში გათავისუფლებით დაემუქრნენ. აქცია არ შეწყვეტილა.

დავით ომსარაშვილის თქმით, პროცესში უნდა ჩაერთოს შრომის ინსპექცია და უკვე სახელმწიფო უნდა ჩაერიოს: „პანდემიის პირობებში ამდენი რჩება ანაზღაურების გარეშე და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მედიატორის როლი შეითავსოს“.

იურისტის თქმით, ორგანიზაცია დასაქმებულების ხელშეკრულებებს შეისწვლის და ბრძოლის სტრატეგიას დასახავს:

„თუ მომსხურების ხელშეკრულება აქვთ და არ არიან შტატში, მათზე არ ვრცელდება შრომის კოდექსით გაწერილი უფლებები. უახლოეს პერიოდში ზუსტად ვიტყვით, ეს ურთიერთობა უნდა იყოს თუ არა დარეგულირებული ასე, მომსახურების ხელშრკრულებით. რადგან ქვეყანაში გვაქვს ხოლმე ცუდი პრაქტიკა, როდესაც მომსახურების ხელშეკრულებას იმიტომ დებენ, რომ თავი აარიდონ იმ ვალდებულებებს, რაც შრომის კოდექსით ეკისრებათ“, – გვითხრა მან.

მომხმარებელთა უფლებები

„მძღოლები, ოპერატორები… ჩვენ ის ხალხი ვართ, რაღაცა რომ გაფუჭდება ქალაქში, გამოძახებებზე ვინც გავდივრთ. ანუ უშუალოდ საქმის გამკეთებელი ვართ ჩვენ, დღე-ღამე ვინც ვმუშაობთ“, – ამბობენ დასაქმებულები.

კომპანია აცხადებს, რომ დედაქალაქის „სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება“ და „ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე აგრძელებს მიმდინარე საქმიანობას, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის კომპანიის მიერ დაგეგმილი და გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას“.

მუშები ამბობენ, რომ ეს ასე არ არის: „ჩვენი გარაჟიდან ტექნიკის მუშაობა შეჩერებულია. აგერ, დღეს ორი ქალი იყო მოსული, წყალი ერთი კვირაა არა გვაქვს, გააკეთეთო, აქვს შეფერხება“…

რამდენად დაზარალდებიან მომხმრებლები, ვისაც გარკვეული შეფერხების გამო წყალი შეუწყდათ და შესაძლოა, გაფიცვის ფონზე შეკეთება ვერ მოხერხდეს? მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ წყლის გადასახდი 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრზე 17 თეთრით გაძვირდა?

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რომელიც მომხმარებლების უფლებებს იცავს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მართალია, კომპანიის შიდა მენეჯმენტის თემა მის კომპეტენციას სცდება და არაა გარკვეული საკითხში, თუმცა მიუთითებს:

„ერთადერთი ვალდებულება, რომელიც კომპანიას აქვს, არის მომხმარებლისთვის სათანადო მომსახურების მიწოდება. შესაბამისად, თუ რაიმენაირად გაუარესდება მომსახურება, გვექნება პრეტენზიები და მოვითხოვთ ახსნა-განმარტებას. ნებისმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მომსახურების ხარისხის გაუარესება“, – ამბობს იგი.

GWP-ის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, GWP-ის წინამორბედის, წყალმომარაგების კომპანია „თბილისის წყლის“ პრივატიზაცია 2008 წელს მოხდა და „პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები მაშინვე გაჩნდა“.

ამავე წყაროს თანახმად, GWP წლების განმავლობაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ოფშორულ სუბიექტს, „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ ეკუთვნოდა.

ამჟამად GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოში დარეგისტრირებული იმავე დასახელების სააქციო საზოგადოება, ანუ სს „ჯორჯია გლობალ იუთილითიზი“. თუმცა სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოების აქციების მფლობელთა ვინაობა არ ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი