ახალი ამბები

ინსპექციამ კურიერების შრომის პირობების მონიტორინგი უნდა დაიწყოს – shroma.ge

26 მარტი, 2021 •
ინსპექციამ კურიერების შრომის პირობების მონიტორინგი უნდა დაიწყოს – shroma.ge

„ღირსეული შრომის პლატფორმა“, რომელიც შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს, შრომის ინსპექციის სამსახურს მოუწოდებს, სისტემურად დაიწყოს ქვეყანაში ე.წ. „პლატფორმის ეკონომიკაში“ დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხოების და პირობების მონიტორინგი.

ორგანიზაციების გაერთიანებამ 26 მარტით დათარიღებული განცხადებით სოლიდარობა გამოუცხადა „ბოლტ ფუდის“ კურიერებს და გააკრიტიკა მათი ნაწილის პლატფორმიდან დაბლოკვა — ფაქტობრივად, სამსახურიდან გათავისუფლება.

გასულ კვირას, 17 მარტს, Bolt Food-ის კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს, დემონსტრაცია გამართეს და საბონუსე სისტემის გადახედვა და ტარიფების გაზრდა მოითხოვეს. მას შემდეგ დემონსტრაცია კიდევ რამდენჯერმე გაიმართა.

კურიერების მოთხოვნები

„გაფიცვის გზით ბოლტის კურიერები მათი ბაზისური შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვიან და ანაზღაურების უსამართლო სისტემის გადახედვასა და აპლიკაციაზე არსებული შეფასების სისტემის გამჭირვალობას მოითხოვენ“, – წერს „ღირსეული შრომის პლატფორმა“ და ასე აღწერს კურიერების პრობლემებს:

  • „კურიერთა განმარტებით, კომპანიამ თავდაპირველად შეკვეთებზე არსებული ფიქსირებული ტარიფი 8 ლარიდან 4 ლარამდე გაანახევრა.
  • ასევე, კურიერთა ანაზღაურების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ბონუსური სისტემა, რომელიც კურიერებს დღეში 20 შეკვეთის შესრულების შემთხვევაში ერიცხებათ, რაც დღიურად შესასრულებელი შეკვეთების არარეალისტურად დიდ ოდენობას წარმოადგენს. გარდა ამისა, პრობლემურია საბონუსე თანხების ჩარიცხვის დაგვიანება. შესაბამისად, კურიერები მოითხოვენ საბონუსე სისტემის არსებით გაუმჯობესებას.
  • კურიერებს სამუშაო დროში არ ეთვლებათ და არ უნაზღაურდებათ როგორც ობიექტამდე მისასვლელი, ისე შეკვეთის მოლოდინში დახარჯული დრო, რომელიც ხშირ შემთხვევაში რამდენიმე საათს შეიძლება წარმოადგენდეს.
  • აპლიკაციაში არ არსებობს მომხარებლის მიერ, კურიერისთვის ჩაის (ე.წ .თიფსი) დატოვების ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს კურიერთათვის დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას.
  • ვინაიდან გაწერილი არ არის კურიერის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები, კურიერისთვის პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვა შესაძლებელი ხდება დაუსაბუთებლად. რის გამოც მოთხოვნათა ჩამონათვალშია შეფასების გამჭვირვალე და დასაბუთებული სისტემის შექმნა და მისი კურიერებთან კომუნიკაცია, ასევე, კურიერისთვის წინასწარი გაფრთხილების გაგზავნა აპლიკაციით სარგებლობის შეზღუდვამდე“.

„ბოლტ ფუდის“ პასუხი

24 მარტს  Bolt Food-მა დემონსტრანტების საპასუხო განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ „პარტნიორი კურიერებისთვის, გარანტირებული მინიმალური ანაზღაურება ყოველი შეკვეთის შესრულებისას 50%-ით აღემატება ბაზარზე არსებულ სხვა მიტანის სერვისების პირობას“.

დემონსტრაციებზე გამოხატული წუხილების პასუხად კომპანიამ განაცხადა, რომ:

  • „პარტნიორი კურიერები დასაქმებულნი არ არიან შრომითი ხელშეკრულებით; პარტნიორი კურიერები მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ისინი ემსახურებიან მომხმარებლებს Bolt Food-ის მიერ დაწესებული პირობებით;
  • პარტნიორ კურიერებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, როდის სურთ, ან სურთ თუ არა, იმუშაონ Bolt Food-ის პლატფორმაზე;
  • ცვლილებები პარტნიორი კურიერების ანაზღაურების სისტემაზე რეგულირდება საპარტნიორო ხელშეკრულებით“.

„მკაცრი რეაგირება“

ამავე განცხადებაში კომპანიამ დაწერა, რომ „იგივე ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებმაც ხელი შეუშალა ჩვენი სერვისის და სხვა პარტნიორი კურიერების სამუშაო პროცესს“.

„ბოლტ ფუდის“ თანახმად, მათი ანგარიშები ამის გამო დაბლკოეს პლატფორმიდან: „ნებისმიერი სახის ორგანიზებულ მცდელობას, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს Bolt Food-ის ან პარტნიორი რესტორნების ბიზნესოპერაციები, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება კომპანიის მხრიდან“.

„სრულად ვაცნობიერებთ, რომ Bolt Food-ის სერვისის ღერძი ჩვენი პარტნიორი კურიერები არიან. სწორედ ამიტომ, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ბაზარზე მათ საუკეთესო მხარდაჭერა და ანაზღაურების პირობები შევთავაზოთ“, – განაცხადა კომპანიამ.

„პროტესტის ხელშეშლა“

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ კრიტიკულად ეხმაურება „ბოლტ ფუდის“ ამ განცხადებას და მიუთითებს, რომ „ნაცვლად საკუთარი პასუხისმგებლობების გააზრებისა, კომპანია ბოლტი ცდილობს ხელი შეუშალოს კურიერთა პროტესტსა და კოლექტიურ ორგანიზებას“.

„კომპანიამ აპლიკაციიდან დაბლოკა იმ კურიერთა უმრავლესობა, რომელიც შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჯარო პროტესტში იღებდა მონაწილეობას. ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია გაზრდილი ტარიფით უნაზღაურებს შეკვეთებს იმ კურიერებს, რომლებიც არ არიან გაფიცულები და პარალელურად ახალი კურიერები აჰყავს, რითაც გაფიცვის ფუნდამენტური უფლების და შრომის უფლებებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელობის დასუსტებას უწყობს ხელს“, – წერს პლატფორმა.

„გარდა აღნიშნულისა, გაფიცული კურიერების მიმართ მსგავსი რეპრესიული ღონისძიებების გატარება კურიერთა სამართლიანი პროტესტის ჩახშობასა და კურიერთა დაშინებას ემსახურება, რასაც თავად კომპანიის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებაც ადასტურებს, სადაც კომპანია დაუფარავად აღიარებს, რომ კურიერთა მსგავსი სახის საჯარო ორგანიზებას მათი შრომითი უფლებებისთვის აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება“, – წერენ ორგანიზაციები

„კურიერთა განმარტებით, პროტესტის მიმდინარეობისას, Bolt-ისგან ასევე მიიღეს ელექტრონული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კომპანიამ პროტესტის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, რაც სავარაუდოდ გაფიცული კურიერების დაშინების კიდევ ერთი მცდელობა იყო“, – წერენ ისინი.

სექტორის პრობლემები

როგორც „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მიუთითებს, Bolt food-ი არ არის მიტანის სექტორში მომუშავე ერთადერთი პლატფორმა, სადაც „დასაქმებულ კურიერებს მინიმალური შრომითი პირობებისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ“:

„ამ სექტორის თავისებურებაა ბიზნესის ოპერირება დასავლეთის ქვეყნებიდან ავტომატურად კოპირებული ტექნოლოგიური მოდელით, რომელიც კურიერებს დასაქმებულების ნაცვლად, ინდივიდუალურ კონტრაქტორებად განიხილავს და შესაბამისად, მათ შრომითი უფლებების დაცვის მინიმალური გარანტიების მიღმა ტოვებს“.

„ასევე მიტანის სერვისში დამკვიდრებული ბიზნეს პრაქტიკასთან დაკავშირებული ცენტრალური საკითხია კურიერეთა ანაზღაურების მიბმა ბონუსურ და გამომუშავების სისტემაზე, რომელიც კურიერთათვის არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის, შესასრულებლად არარეალისტურ გეგმებს უწესებს მათ და საკმარისი ანაზღაურების მისაღებად არანორმირებული დროით მუშაობასა და ხშირ შემთხვევაში სატრანსპორტო უსაფრთხოების წესებისთვის გვერდის ავლას აიძულებს. აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისში დამკვიდრებული მსგავსი სამუშაო რეჟიმი, შრომის უსაფრთხოებისთვის რისკის შემქმნელად მიიჩნია შრომის ისნპექციამ კომპანია გლოვოს შემთხვევაში 2020 წელს, კურიერის სატრანსპორტო ინციდენტის საფუძველზე დაწყებული ინსპექტირების შედეგად“, – აცხადებენ შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მოუწოდებს შრომის ინსპექციას, „პრიორიტეტად დაისახოს და სისტემური მუშაობა დაიწყოს საქართველოში, პლატფორმის ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მუდმივი მონიტორინგისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით“.

ნეტგაზეთი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ამ სექტორში დასაქმებულთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ვრცელ სტატიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი