ახალი ამბები

„გლოვო“: კურიერების ანაზღაურების ტარიფი შეიცვალა

10 თებერვალი, 2021 •
„გლოვო“: კურიერების ანაზღაურების ტარიფი შეიცვალა

კურიერების საპროტესტო აქციისა და მოთხოვნების წამოყენების შემდეგ, საკურიერო კომპანია „გლოვო“ (Glovo) აცხადებს, რომ კონტრაქტორებთან შეთანხმება მიღწეულია.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შეთანხმების ძირითადი ასპექტი ყოველ კილომეტრზე 20-ის ნაცვლად 40-თეთრიანი ანაზღაურების ნიშნულზე დაბრუნებაა.

„ჩვენ ვეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა გლოვერების მიერ წინა კვირაში გაჟღერებული მოთხოვნები ისე, რომ არ დაგვეზიანებინა კომპანიის ინტერესები და კონსტრუქციული დიალოგის შედეგად შეთანხმებამდე მივედით“, – წერია კომპანიის მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „გადაიხედა და განახლდა ტარიფების სტრუქტურა“, რადგან „გლოვოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი ობიექტებისა და პარტნიორი კურიერების კმაყოფილება, მათ სამუშაო პირობებზე, გამომუშვებასა და სხვა ბენეფიტებზე ზრუნვა“.

„ვიმედოვნებთ, აღნიშნული ცვლილებები პოზიტიურ გავლენას იქონიებს გლოვერების გამოცდილებაზე აპლიკაციასთან კავშირისას. Glovo ყოველთვის მზად არის მიიღოს უკუკავშირი პარტნიორებისგან და მასზე შესაბამისი, სწორი რეაგირება მოახდინოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

პროტესტი და მოთხოვნები

„გლოვოს“ ათობით კურიერმა 29 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა კომპანიის ოფისთან და სამი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა:

  • გაზრდილიყო ანაზღაურების ტარიფი;
  • შეცვლილიყო ბონუსების სისტემა;
  • შემცირებულიყო რესტორნებთან/ობიექტებზე შეკვეთის ლოდინის დრო.

„გლოვოს“ საიტის თანახმად, „თითოეული შეკვეთიდან შემოსავალი დამოკიდებულია გამოცდილებაზე და რეიტინგზე“. ანაზღაურების დეტალებზე კომპანია, შიდა რეგულაციებიდან გამომდინარე საჯაროდ არ საუბრობს.

როგორც „ნეტგაზეთს“ უამბეს დასაქმებულებმა, კურიერების ანაზღაურების/მუშაობის სქემა, რასაც აპროტესტებდნენ, ასეთი იყო:

  • ყოველ გამოძახებაზე ფიქსირებულად ეკუთვნით საბაზისო 2 ლარი;
  • ყოველ კილომეტრზე ემატებათ 20 თეთრი, — როდესაც ადრე, პანდემიის დაწყებამდე, ეს ტარიფი ორჯერ მეტი იყო;
  • „საბონუსე“ სისტემა გულისხმობს კვირაში 180 შეკვეთის გატანის შემთხვევაში ბონუსად 350 ლარს [კურიერები ითხოვენ, რომ დაბრუნდეს ძველი სისტემა, სადაც ბონუსს 130 შეკვეთის მიტანის შემთხვევაში უხდიდნენ].

რაც შეეხება ლოდინის დროს, კურიერების თანახმად, ლოდინის ხანგრძლივი დრო ობიექტებთან მათთვის პრობლემური, სულ მცირე, ორი მიზეზის გამოა:

    1. ნაკლები შეკვეთის მიტანას ასწრებენ, რაც ნაკლებ ანაზღაურებას ნიშნავს;
    2. ლოდინის დიდი დროის კომპენსაციისთვის სწრაფად გადაადგილდებიან, რაც საგზაო უსაფრთხოების მხრივ რისკებსაც წარმოშობს.

რაზე დათანხმდა გლოვო?

„გლოვოს“ მიერ მედიაში 10 თებერვალს გავრცელებული განცხადება არ აზუსტებს შეთანხმების პირობებს, კონკრეტულად რა შეიცვალა სისტემაში.

თუმცა „ნეტგაზეთმა“ დამოუკიდებლად გაარკვია კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები, რაც ძალაში 8 თებერვლიდან შევიდა.

  • გაიზარდა გავლილი კილომეტრების ანაზღაურება და გახდა 20-ის ნაცვლად 40 თეთრი ყოველ კილომეტრზე (საწყისი წერტილიდან შეკვეთის მიტანის წერტილამდე);
  • გაიზარდა დაჯგუფებული შეკვეთის კომპენსაცია და გახდა 1.5₾, ნაცვლად 1.0₾-ისა.

შესაბამისად, ახალი სტრუქტურით, კურიერის შეკვეთაზე გამომუშავება ასე განისაზღვრა:

  • საბაზისო თანხა კვლავ 2 ლარი დარჩა;
  • შეკვეთის მიღების წერტილიდან მიტანის წერტილამდე ყოველ კილომეტრზე ანაზღაურება 20 თეთრიდან 40 თეთრამდე გაიზარდა;
  • მოცდის დროის ანაზღაურება ყოველ წუთზე 2 თეთრი გახდა (5 წუთის შემდეგ);
  • დაჯგუფებული შეკვეთის შემთხვევაში, დაჯგუფებული შეკვეთის კომპენსაცია 1.5₾ გახდა;
  • „გარდა ამისა, მეტი მოქნილობისთვის, 4-მდე გაიზრდება ავტოგადაბმების დღიური ლიმიტი“, – აცნობა კომპანიამ დასაქმებულებს.

„გლოვომ“ კურიერებს ასევე მისცა პირობა, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს „ყველა ობიექტთან მაღალი მიტანის დროებით, რომ დროულად დარეგულირდეს და შემცირდეს ობიექტებთან მოცდის დრო“.

ბონუსების სისტემის ცვლილებაზე დაპირებებში არაფერია ნათქვამი.

„მკაცრი რეაგირება“

ოფიციალური შეტყობინების ბოლოს „გლოვომ“ კურიერებს მისწერა, რომ კომპანიაში ყოველთვის მზად არიან, მიიღონ უკუკავშირი და მათთან ერთად განიხილონ „მნიშვნელოვანი საკითხები“, თუმცა იქვე „მკაცრი რეაგირებით“ დაიმუქრა:

„კომპანიის შეფერხებაზე, პარტნიორი ობიექტების, მომხმარებლებისა და კურიერების მიმართ აგრესიის გამოხატვაზე, ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და პროტესტის გამოხატვისას კომპანიის პროცედურების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე მკაცრი რეაგირება მოხდება“.

„ნეტგაზეთმა“ გლოვოს მარკეტინგის სამსახურს ჰკითხა, კანონმდებლობის რომელი ნორმა დაირღვა დემონსტრაციებისას და რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამას მათი მხრიდან, რაზეც გვითხრეს, რომ კომპანია აქცენტს აკეთებდა კომპანიის მუშაობის შეფერხებაზე, რაც, მაგალითად, რამდენიმე დღით ანგარიშის შეჩერებას გულისხმობს.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, განიხილება თუ არა რომელიმე „გლოვერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, გვიპასუხეს: „სხვადასხვა პუნქტის დარღვევისას ესეც არის გათვალისწინებული, თუმცა ახლა ნამდვილად არ განიხილება არავისთან ხელშეკრულების შეწყვეტა“.


„გლოვო“ ესპანური კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და რომლის ცენტრალური ოფისი ბარსელონაში მდებარეობს. საქართველოში ის 2018 წელს გამოჩნდა.

„გლოვოს“, კურიერების და მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შესახებ დამატებითი დეტალებისთვის გირჩევთ წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ სტატია:

რა პირობებით მუშაობენ და რას ითხოვენ გლოვოს კურიერები

მასალების გადაბეჭდვის წესი