ახალი ამბები

“ოცნება” გეგმავს, გადაამუშაოს და მაინც მიიღოს ვენეციის კომისიის გაკრიტიკებული კანონპროექტები

24 მარტი, 2021 • 952
“ოცნება” გეგმავს, გადაამუშაოს და მაინც მიიღოს ვენეციის კომისიის გაკრიტიკებული კანონპროექტები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიას პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია, შესაბამისად, ისინი “აუცილებლად იქცევა კანონებად”.

“ვენეციის კომისიის დასკვნაში თქვენ ვერსად ნახავთ ფრაზას, რომ კანონპროექტები კანონად არ უნდა იქცეს. ვენეციის კომისიამ გვირჩია, რომ კანონპროექტების გადამუშავება მიზანშეწონილია, რაზეც ვთანხმდებით, რადგან პროექტები ვენეციის კომისიაში იმიტომ გაიგზავნა, რომ კომისიის პოზიციაზე გვემსჯელა და პროექტი დაგვეხვეწა. პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის სულისკვეთება ვენეციის კომისიამ გაიზიარა. თქვა, რომ ის ოპოზიციური თუ არაოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე ამბობს უარს, არ შეიძლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულ დაფინანსებას იღებდეს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან და რომლითაც დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში რიგ შესწორებებს გადახედოს.

საქმე ეხება “ქართული ოცნების” ინიცირებულ კანონპროექტთა ორ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსების და საეთერო დროის შეზღუდვას პარტიისთვის, თუ ის საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს, და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც საქართველოს მოქალაქე არაა და აგიტაციაში მონაწილეობს. “ოცნებამ” ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული საკამათო კანონპროექტების დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გაგზავნის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა.

“მათრახის პოლიტიკა” – საით მიჰყავს პოლიტიკური პროცესი “ოცნების” ახალ ინიციატივებს

მასალების გადაბეჭდვის წესი